მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიოდ ნეგატიური რეაქცია ხაზს უსვამს ამ ინიციატივის ანტიდასავლურ სულისკვეთებას - ვიქტორ ყიფიანი "რუსულ კანონზე"

ჯეოქეისი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას - ასე აფასებს ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს.

ორგანიზაციის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები ის პარტნიორები არიან, რომლებიც დღეს ამ კანონპროექტის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას აფიქსირებენ.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიოდ ნეგატიური რეაქცია ხაზს უსვამს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივისა და მისი თანმდევი რიტორიკის ანტიევროპულ და ანტიდასავლურ სულისკვეთებას. ასევე, დასაფიქრებელია ამ ინიციატივისა და მასთან დაკავშირებული კამპანიის თავსებადობა ქვეყნის ძირითად კანონთან.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტორები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ორგანიზაციები არიან.

ამდენად, მათი სათანადო მხარდაჭერის გარეშე საქართველო პირისპირ დარჩება ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან. საქართველოს სახელმწიფოს ბედისწერა და მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების არსი სწორ ისტორიულ არჩევანშია.

„ჯეოქეისის“ მისია, დღიდან მისი დაფუძნებისა, იყო, არის და დარჩება საქართველოს ამ ისტორიული არჩევანის განხორციელებაში სრული თანადგომა და მხარდაჭერა“, - წერია „ჯეოქეისი“ დამფუძნებლის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 83 ხმით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები