"სამწუხაროდ, საგარეო დაფინანსებაში დეფიციტი წელსაც დიდი გვაქვს", - ამის შესახებ თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.
როგორც ნადარაიამ აღნიშნა, მთავრობის მიერ მოზიდული საგარეო დაფინანსების და დამატებით ეროვნული ბანკის რეზერვების ხარჯზე ძალიან მნიშვნელოვანია სესხების სავალუტო სტრუქტურა და დინამიკა.
“ამ დინამიკაში ხდება ისეთი რამ, რასაც ჩვენ ე.წ. შოკის გამაძლიერებელს ვუწოდებთ ანუ როდესაც ბაზარზე ვალუტის გაუფასურების მოლოდინებია, შედეგად ხდება უფრო მეტი დაზოგვა ვალუტაში და სესხება ლარში. ეს იწვევს იმას, რომ საბანკო სექტორში არსებული ვალუტის ლიკვიდობა ჭარბი ხდება. ფაქტობრივად, ჩვენ სავალუტო შემოდინებები გვაკლდება, თუმცა მეორე მხრივ, გვაქვს საბანკო სექტორი, რომელსაც ძალიან დიდი ოდენობის ჭარბი ვალუტის ლიკვიდობა აქვს და ის ამ სესხებს რეალურად ვერ გასცემს. გამოდის, რომ შოკი, რაც ტურიზმიდან იყო, კიდევ უფრო მწვავდება, მაგალითად მე თუ გზავნილი საზღვარგარეთიდან მივიღე, ეს გზავნილი ან ლარში უნდა გადავახურდავო ან ბანკმა ეს გზავნილი ვალუტაში გასცეს, რათა სავალუტო გზავნილი ეკონომიკაში მოხვდეს, ხოლო თუ ეს ასე არ იქნება, დიდი თანხების დაგროვება ხდება. შედეგად გამოდის, რომ გზავნილებიც იმდენი ვერ მივიღეთ, რამდენიც სინამდვილეში სტატისტიკაშია", - აღნიშნა ნადარაიამ.
ეკონომისტმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს საფინანსო სექტორის მხრიდან ბაზარზე შოკის შემსუბუქება.
“იმისათვის, რომ საფინანსო სექტორი არა შოკის გამაძლიერებელი, არამედ შემარბილებელი იყოს, უნდა მოხდეს ან სავალუტო სესხების გაცემა, რასაც ფაქტობრივად ინტერვენციის ეფექტი აქვს, ხოლო მეორე გზა არის ე.წ. ჰეჯირების ინსტრუმენტები", - განმარტა ოთარ ნადარაიამ.




























