მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირება პოზიტიური არაა, მაგრამ რეზერვებს, რომელიც გაიყიდა, საქართველო არ დაუტოვებია - ოთარ ნადარაია

ეროვნული ბანკი

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, რეზერვების შემცირება პოზიციური არაა, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ რეზერვებს, რომელიც გაიყიდა, საქართველო არ დაუტოვებია და აკუმულირებულია.

ეკონომისტმა რეზერვების შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე არ იკვეთება, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს ყიდის და პირიქით, ოთარ ნადარაია ფიქრობს, რომ რეზერვების შევსება ხდება.

"რეზერვებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის მაგალითად ყაზახეთი, რომელსაც ძალიან დიდი ოდენობით რეზერვები აქვს. ცალსახად ფაქტია, რომ წლის მეორე ნახევარში რეზერვები შემცირდა. დეკემბერში იყო რეზერვების ზრდა, რაც ძირითადად იმით იყო გამოწვეული, რომ მინიმალური რეზერვების სავალდებულო ნორმა გაიზარდა.

არის მთლიანი რეზერვები და არის წმინდა რეზერვები, რაც უხეშად რომ ვთქვათ, ინტერვენციებისთვის არის უფრო გამოყენებადი. ჩვენი გათვლებით, წმინდა რეზერვების დეკემბრის შეფასება დაახლოებით 1 მლრდ 830 მილიონია. წმინდა რეზერვებს თუ ავიღებთ, შემცირების ძირითადი მიზეზი იყო ოქტომბერში და მანამდე განხორციელებული ინტერვენციები საარჩევნო პერიოდის კუთხით.

რეზერვების შემცირება ნამდვილად არაა პოზიტიური, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა ვთქვა - იმ რეზერვებს, რომელიც გაიყიდა, ამ ფულს საქართველო არ დაუტოვებია. დღეს, ეს თანხები არის აკუმულირებული იგივე კომპანიების და მოსახლეობის ხელში. ჩვენი შეფასებით, შეიძლება ეს იყოს მილიარდზე მეტი, იმ ტენდენციასთან შედარებით, რაც მანამდე იყო. ნოემბერი იყო თვე, როდესაც ეს ტენდენციას შემოტრიალდა და სებ-ს ჰქონდა საშუალება დაახლოებით 100-150 მლნ დოლარი ეყიდა. მიმდინარე პერიოდში რა ინფორმაციაც გვაქვს, არ იკვეთება, რომ ის მეტ-ნაკლებად სტაბილური ლარი, რაც არის, იმის ხარჯზეა, რომ სებ კვლავ ყიდის რეზერვებს, უფრო პირიქითაა",- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში შემცირებაა, თვის ჭრილში კი ზრდა. დეკემბერში წინა წლის საანგარიშო თვესთან შედარებით მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით კი 323.6 მლნ დოლარით გაიზარდა. თვის ჭრილში რეზერვების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2024 წლის 19 დეკემბრიდან გაეზარდათ. თავად ეროვნულ ბანკში აცხადებდნენ, რომ ბანკებისთვის სარეზერვო ნორმის გაზრდა სავალუტო რეზერვებს დაახლოებით 300-340 მლნ დოლარით გაზრდიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები