მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფინანსო სერვისების სექტორის შემოსავალმა 12 მილიარდ ლარს გადააჭარბა - როგორია 2024 წლის შედეგები?

მისო

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 12.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გაზრდილია 2023 წლის 10.5 მილიარდ ლართან შედარებით.

შემოსავლის უდიდეს ნაწილს (76.9%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.5% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 13.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.

2024 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.5 მლრდ. ლარი შეადგინა.

გასულ წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.5 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.9% ქალი იყო.

სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 1.1 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 41.7% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.8% – ქონების დაზღვევაზე, 9.2% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.7% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (29.2%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 707.6 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 52.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 5.5% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.6% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 4.5% – ქონების დაზღვევაზე, 0.3% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (32.5%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები