მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 2035 წლისთვის ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის შესახებ კანონის მოსალოდნელი გადახედვის შესახებ განაცხადა, საფრანგეთმა და ესპანეთმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდეს, “დარჩნენ სწორ გზაზე” და განაცხადეს, რომ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები უალტერნატივოა - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ქვეყნების ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
წერილში პარიზი და მადრიდი ამტკიცებენ, რომ შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გაუქმების შემთხვევაში, ბლოკი ვერ შეძლებს, 2050 წლისთვის სრულად ნახშირბად-ნეიტრალური გახდეს. ეს პირობაა, რომელიც ევროკავშირის კლიმატის კანონითაა გაწერილი.
ქვეყნები ასევე ამტკიცებენ, რომ მიუღებელია 2035 წლისთვის ე.წ. plug in ჰიბრიდებისთვის უპირატესობის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, იტალია და სლოვაკეთი ითხოვენ. მათი თქმით, მხოლოდ ელექტრომობილებზე გადაწყობა მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყნების წამყვან ინდუსტრიებს.
თავის მხრივ, გერმანია, რომელიც ავტოინდუსტრიის გამორჩეული მოთამაშეა და BMW-ს, Mercedes Benz-ისა და VolksWagen-ის მარკის ავტომობილებს აწარმოებს, ღიად უჭერს მხარს დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის გაუქმებას. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თქმით კი, კანონი “სიგიჟეა”. იმავეს ფიქრობს მისი სლოვაკი კოლეგა, რობერტ ფიცოც. მისი თქმით, “მწვანე უტოპია” სლოვაკეთის ავტოინდუსტრიას უქმნის საფრთხეს.
საერთო წერილში, საფრანგეთი და ესპანეთი საუბრობენ თანხებზე, რომლებიც უკვე მობილიზებულია დასახული მიზნის მისაღწევად და აცხადებენ, რომ იქმნება “უსამართლო საერთაშორისო კონკურენცია” და “მზარდი ზეწოლა”, რადგან ჩინეთის მიერ იშვიათ ლითონებზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები ევროპელი მწარმოებლებისთვის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა.
თანამოაზრეები აღიარებენ, რომ ევროპის ავტოინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და გამოდიან რეკომენდაციით, რომ კანონი იმგვარად გადაიხედოს, რომ ძირეული პრობლემები მოგვარდეს და უზრუნველყოს ევროპელი მწარმოებლებისთვის სტიმული, რათა მათ ინვესტიციები წარმოების ელექტრიფიკაციაში ჩადონ.




























