მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი და გერმანია გამანადგურებლების ერთობლივ, $108-მილიარდიან პროგრამაზე ვერ თანხმდებიან

ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი $108 მილიარდიანი საბრძოლო საავიაციო სისტემის FCAS-ის მომავალთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებას ვერ ახერხებენ.

როგორც ევროპული მედია წერს, ამ საკითხზე საჯარო გამოსვლებში ისინი უკვე პირდაპირ უპირისპირდებიან ერთმანეთს.

საქმე ის არის, რომ ოფიციალურ პარიზს რესურსების გაერთიანება და საერთო ტიპის ევროპული გამანადგურებლის შექმნა სურს, რათა სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში სახელმწიფოებს ძალების გაერთიანება შეეძლოთ და მათ პილოტებს ადაპტირებაზე დრო არ დაეხარჯოთ. რაც შეეხება ოფიციალურ ბერლინს, კანცლერი მერცისთვის პრიორიტეტი ეროვნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რაც გულისხმობს საფრანგეთისაგან განსხვავებული გამანადგურებლების შექმნას.

ანალიტიკოსების შეფასებით, განსხვავებული პოზიციების მიზეზი რეალურად ღრმა ინდუსტრიული კონკურენციაა. კერძოდ, იმ ტიპის გამანადგურებლების აწყობა, რომლების შექმნასაც ფრანგული მხარე უჭერს მხარს და რომელიც შეთანხმების შემთხვევაში გერმანიამ და ესპანეთმა უნდა მიიღონ, მხოლოდ ფრანგულ Dassault Aviation-ს შეუძლია. ფრიდრიხ მერცი კი გერმანიის მიერ მხარდაჭერილ Airbus-სს ანიჭებს უპირატესობას. ცალკე საქმეა ის, რომ ოფიციალური პარიზის მიერ წარდგენილი მოიერიშეს პროტოტიპი მხოლოდ სტანდარტული შესაძლებლობებით არ შემოიფარგლება და მოიცავს ბირთვული იარაღის გადაზიდვის უნარს და ავიამზიდზე დაშვების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით კი, რომ $108-მილიარდიან პროექტში ჩართულ დანარჩენ ორ ქვეყანას, გერმანიასა და ესპანეთს არც ავიამზიდები და არც ბირთვული იარაღი არ აქვთ, მადრიდისა და ბერლინისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დათანხმდნენ თანხების ასეთი გამანადგურებლის შექმნაზე დახარჯვას.

საფრანგეთ-გერმანიის დაპირისპირების ფონზე სამხედრო ექსპერტები ყურადღებას უფრო დიდ გამოწვევაზე ამახვილებენ. მათი შეფასებით, თუ განხეთქილება დროულად არ აღმოიფხვრა და ევროპამ სტრატეგიული ავტონომიისკენ ერთობლივი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ეს კონტინენტის სახელმწიფოების ერთიანობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებასა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები