ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ოფიციალურად აღიარებს. გადაწყვეტილება სექტემბერში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი დიდი შვიდეულის პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი წევრია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
ინიციატივის გაჟღერებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარება მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მან განაცხადა, რომ უნდა დასრულდეს ომი, მოხდეს პალესტინის დემილიტარიზება და ოფიციალური ხელისუფლების მიერ ისრაელის დამოუკიდებლობის ცნობა.
მაკრონის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურნენ ისრაელსა და შტატებში. ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკეს. რაც შეეხებათ ჰამასს, საუდის არაბეთსა და ირლანდიას, მათ მაკრონს გადაწყვეტილება მოუწონეს და განაცხადეს, რომ პალესტინის აღიარება მშვიდობის დამყარებას მართლაც შეუწყობს ხელს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია ღაზას სექტორში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებასთან, რომელზე პასუხისმგებლობასაც ისრაელი მთლიანად ჰამასს აკისრებს.




























