მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთის კულინარიულ სკოლა Ferrandi Paris-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

კულინარიული სკოლა

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ფრანგული გასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში „Ferrandi Paris“ ჩატარდა.

ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია HoReCa სექტორის და მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების წარმომადგენლებისთვის გაიმართა, რომლის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ფრანგულ სამზარეულოსთან შეხამება იყო.

ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ეკატერინე კოკაია დაესწრნენ.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევან მეხუზლა „Ferrandi Paris” საერთაშორისო დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების პროექტის მენეჯერს ნიკოლას გაიაღს (Nicolas Caillard) შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების, გაყიდვების ზრდისა და ქართული ღვინის, როგორც ნიშური კატეგორიის დამკვიდრების ხელშეწყობა.

პარიზში გამართულ დეგუსტაციებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა.

"ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მზარდი მოთხოვნაა", - ნათქვამია პრესრელიზში.

ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს საქართველომ საფრანგეთში 509 350 დოლარის (82,059.25 ლიტრი) ღვინო გაიტანა, რაც ღვინის მთლიან ექსპორტში უმნიშვნელო - 0.2%-იანი წილია. ოფიციალური სტატისტიკით, 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი 6.2 დოლარია.

საქართველოდან საფრანგეთში ღვინის ექსპორტი მაქსიმალური, 1.2 მლნ დოლარი 2022 წელს იყო, მას შემდეგ კი კლებულობს და 2023 წელს 590 710 დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საფრანგეთის კულინარიულ სკოლა - Ferrandi Paris-ში მზარეულების გადამზადების მოკლევადიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები