ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან, ცერემონიების სასახლეში, სადაც ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, ოფშორების შესახებ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა.
BMG-ის მხრიდან კითხვები დაისვა, ოფშორებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანის საკითხზე, რაზეც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტი ასევე მოიცავდა ფიზიკური პირების ე.წ საგადასახადო ამნისტიას, რისთვისაც შემოსავლების სამსახური კანონის ძალაში შევლისთანავე მზად იქნება.
„კანონპროექტი ასევე მოიცავდა ფიზიკური პირების ე.წ საგადასახადო ამნისტიას/საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, რომელიც 3 წელზე მეტი ვადით, 3 წლის ხანდაზმულობის ფარგლებს გარეთ იყო. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, რადგან 140 000 ფიზიკურ პირს და დაახლოებით, 600 მილიონ ლარამდე დავალიანების ჩამოწერას ეხებოდა - კონკრეტული რიცხვები ჩამოწერის შემდეგ დაზუსტება. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან ამ ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე აღსრულების პროცესი აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში სრულად იქნა გატარებული. შესაბამისად, წარდგენილი იყო საინკასო დავალება და სხვადასხვა იძულებითი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მათ ჩართულობას ეკონომიურ საქმიანობაში.
მოქალაქეების მიმართვა საგადასახადო ორგანოსთვის არ იქნება საჭირო, საგადასახადო ორგანო თავად მოახდენს დავალიანებების ჩამოწერას. მათ შესაძლებლობა ექნებათ უფრო აქტიურად შეიტანონ წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა და აღსრულება სწრაფად მომხდარიყო. ერთია, რომ ადამიანები უფრო სწრაფად შეძლებენ ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას, გარდა ამისა ზოგს სახლი ჰქონდა დაყადაღებული, ზოგს სხვა აქტივები და შესაბამისად, მას შემდეგ რაც ეს გაჟღერდა მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ჩამოწერა დროზე განხორციელდეს. თუ აღსრულება დასრულებული იქნება ამ კანონის მიღებამდე შესაბამისად ეს ადამიანები ვეღარ ისარგებლებენ ასეთი ტიპის შეღავათებით. შემოსავლების სამსახური მზად არის, როდესაც კანონი ძალაში შევა უმოკლეს ვადებში განახორციელოს აღნიშნული ჩამოწერა", - განაცხადა მან.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილება. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული. ოპოზიციის წევრების შეფასებით, კანონი მთელ რიგ კითხვებს ბადებს საქართველოს ოფშორულ ზონად გადაკეთებისა და საეჭვო წარმომავლობის თანხებისთვის ქვეყნის კარის გახსნის მიმართულებით. ასევე დეპუტატთა შეფასებით, კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონი ბანანის რესპუბლიკად ქცევისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.