მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგადასახადო შეღავათების ნაწილის გაუქმება გადასახადების განაკვეთებს შეამცირებს - ზურაბ ძნელაშვილი

ძნელაშვილი

საგადასახადო შეღავათების ნაწილის გაუქმება საშუალებას მოგვცემს, რიგი მიმართულებით განაკვეთები შემცირდეს - ამის შესახებ იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე საგადასახადო დანახარჯების საკითხის შეფასებისას აცხადებს.

საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომზადებული საგადასახადო დანახარჯების ანალიზის თანახმად, 2024 წელს ბიუჯეტმა საგადასახადო შეღავათების გამო 6.4 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. 2023 წელს საგადასახადო შეღავათების ჯამური ეფექტი კი 5.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.

როგორც ზურაბ ძნელაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თუკი ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით დაწესებულ შეღავათებს გადახედავს და რიგ დარგებში მას გააუქმებს, შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ქვეყანაში შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთი იყოს. მისივე შეფასებით, აუცილებელია ამისთვის შეღავათების ეფექტიანობა შეფასდეს.

“[საგადასახადო შეღავათების გადახედვაზე] საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ მე როდესაც ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროში, 2020-2021 წლებში, მაშინაც კი ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. იმ პერიოდში შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა ანალიზი, რომელი შეღავათები იყო დაწესებული, რომელ დარგში და რა საგადასახადო დანახარჯებთან გვქონდა საქმე. იმის მერე მიდის ამაზე საუბარი, თუმცა რადგან ეს ძალიან სენსიტიური და არაპოპულარული საკითხია, რატომღაც ყველა იკავებს თავს ამისგან, მაგრამ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ეს ადრე თუ გვიან გასაკეთებელი იყო და რაც მალე გავაკეთებთ, ბიუჯეტიც უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ბაზარზეც კონკურენტული გარემო შეიქმნება და [საგადასახადო] ტვირთიც შემცირდება.

რატომ არის მაღალი საგადასახადო ტვირთი? იმიტომ რომ ბიზნესის ნახევარი არ იბეგრება, [შესაბამისად], დანარჩენ ნახევარზე გადადის მთელი ტვირთი. რა თქმა უნდა, ყველა შეღავათს ვერ გავაუქმებთ, თუმცა საშეღავათო დარგები უნდა შემცირდეს, ეს კი საშუალებას მოგვცემს, საგადასახადო განაკვეთები შევამციროთ. [შესაძლოა, რომ დღგ-ს განაკვეთი] 18% კი არა, შემდეგ უკვე 15% იყოს, საშემოსავლო გადასახადი 20% კი არა, შეიძლება უკვე 15% იყოს. ანუ, შეღავათების ნელ-ნელა, ეტაპობრივად განაკვეთების დაწევის საშუალებას მოგვცემს”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

ცნობისთვის, ყველაზე მეტი საგადასახადო შეღავათი დამატებული ღირებულების გადასახადს უკავშირდება და 2024 წელს დღგ-ს საგადასახადო დანახარჯებმა მთლიანი დანახარჯების 94% შეადგინა. ეს დანახარჯები ძირითადად მოდის განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტული სექტორებიდან, რომლებიც დაბეგვრისგან ნაწილობრივ ან სრულად თავისუფლდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები