მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

62d0122a58b8f
გიორგი თოლორდავა
14.07.22 16:56
1161
გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უკრაინის სარჩელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 40-ზე მეტი სახელმწიფო ერთობლივი განცხადებით მხარს უჭერს და რუსეთს ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

განცხადების ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, თუმცა გვხვდება: მოლდოვა, ბულგარეთი, ანდორა, მალტა, სან-მარინო, პალაუ და მარშალის კუნძულები.

დოკუმენტის ხელმომწერი სახელმწიფოები ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ რუსეთს ომის დაწყებისა და წარმოებისთვის არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია და მისი ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BMG-მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებისთვის მიმართა.

გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას:

"საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით მიმართა. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო 2022 წლის მაისში უკვე მიუერთდა. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“).

გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა.

საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას".


აღსანიშნია, რომ 16 მარტს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივი შეწყვეტა უბრძანა, თუმცა მოსკოვს ICJ-ის გადაწყვეტილება არ გაუთვალისწინებია, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ნორმების დამატებით დარღვევას გულისხმობს.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს: ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი.

საგულისხმოა, რომ მარტში საქართველო შეუერთდა 39 სახელმწიფოს მოთხოვნას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები