მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სატვირთოს მძღოლების და გადამზიდავების აქცია გაიმართა - რას ითხოვენ?

პაატა ცაგარეიშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა - შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯარიმება და დეპორტაცია დაიწყო, მიზეზად სავიზო რეჟიმის დარღვევა დაასახელა. ახალი წესების მიხედვით, მძღოლებს რუსეთში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შეუმცირდათ, რაც მათ მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ახალი რეგულაციები არამხოლოდ პროფესიულ, არამედ სოციალურ პრობლემებსაც ქმნის, რადგან ბევრ მძღოლს საბანკო ვალდებულებები და ოჯახის შენახვის პასუხისმგებლობა აქვს. მათ მოთხოვნა სამინისტროსთან სწორედ ამ საკითხების გასაჟღერებლად და შესაძლო დიპლომატიური გზებით პრობლემის მოსაგვარებლად დააფიქსირეს.

„სატვირთო გადამზიდავი მძღოლები ვერ ახერხებენ რუსეთში სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელებას. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი რეგულაციებია დაწესებული, ამის პარალელურად, მძღოლების უმეტესობას ვადაგადაცილება აქვს და ხდება მათი დეპორტირება და ვადაგადაცილება. მძღოლები საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამ პრობლემის დარეგულირებას მოითხოვენ, რომ მათ დაუბრკოლებლად შეეძლოთ გადაზიდვების განხორციელება. მათ გააჩნიათ შესაბამისი კონტრაქტები ტვირთგამგზავნებისა და ტვირთმიმღებებისგან. ყოვლად დაუშვებელია, რომ მათ ტვირთი ბოლო წერტილამდე ვერ ჩაიტანონ. ეს არის ხელის შემშლელი პრობლემა.

გარდა ამისა, ძალიან ბევრ მძღოლს გააჩნია საბანკო ვალდებულებები. ასევე, ხდება მძღოლების ბაზრიდან განდევნა, რაც ხელშემწყობია მძღოლების მიგრაციის. ერთობლიობაში, ეს საკითხი არის ძალიან კომპლექსური და რთული“, - აცხადებს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი და აქციის ორგანიზატორი, პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ აქციას 50-მდე მძღოლი ესწრებოდა.

მისივე თქმით, მათ დაპირება მიიღეს, რომ სამინისტროს საკითხზე რეაგირება აუცილებლად ექნება, თუმცა როდის, ამაზე ცაგარეიშვილს პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ აქცია სპონტანურად დაიგეგმა და უწყება მომზადებული არ ყოფილა.

ინფორმაციისთვის, რუსეთში ცენტრალური აზიის სატვირთოების მძღოლებს სადგომებზე აკავებენ და დადგენილი საემიგრაციო 90-დღიანი ვადის გადაჭარბების შემთხვევაში, ხუთწლიანი ხელახლა შესვლის აკრძალვით დეპორტაციას უფორმებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები