მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა - "ეს იქნება სიგნალი ევროპული ბიზნესისთვის"

644ff39e1c0f2
BM.GE
01.05.23 21:10
589
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება)“ შეთანხმება განიხილეს. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია, ევროპის საპატენტო ორგანიზაციის მიერ აღიარებული პატენტები საქართველოშიც იყოს ვალიდირებული.

„აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროპული საპატენტო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა მომხსენებელმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დოჭვირმა.

მისი თქმით, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს იქნება სიგნალი ევროპული ბიზნესისთვის, რომ საქართველოში პატენტები არის დაცული და საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ცვლილებები შედის საქართველოს „საპატენტო კანონში“, რომელიც საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენით მიღებულია.

კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)“ განიხილეს.

შეთანხმება ითვალისწინებს EBRD-ის მიერ საქართველოსთვის 19 მლნ ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას, საიდანაც 3 წელი შეღავათიანია. საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბანკთან მიღწეულია შეთანხმება 19 მლნ ევროს ორ ტრანშად გამოყოფის თაობაზე. მისი თქმით, 3 მლნ ევრო სრულად მოხმარდება აჭარის რეგიონში ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკას, ხოლო მეორე ტრანში კი კვლევების შემდეგ, შესაძლებელია გამოიყენონ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის.

კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთი, „შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს რატიფიცირებული აქვს 2001 წელს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში საფრთხის წინაშე მდგარი მცირე ვეშაპისებრთა სახეობების გადაშენების მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს. შეთანხმებაში 2021 წლის შემდგომ განხორციელებული ცვლილებები კი ითვალისწინებს კონვენციის მოქმედების არეალის გაფართოებას.

მომხსენებლის ინფორმაციით, კონვენციას ჰყავს 24 წევრი სახელმწიფო და ცვლილებების პროექტს მხარი უკვე დაუჭირა 9 წევრმა სახელმწიფომ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები