ივლისში საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1 აგვისტოსთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორებს მიმართ 9.04 მლრდ დოლარის დავალიანება ჰქონდა, რაც ბოლო 1 თვეში ვალის 103 მილიონიან კლებას ნიშნავს.
კრედიტორების მიმართ არსებული 9.04 მილიარდიანი დავალიანებიდან 8.7 მლრდ მთავრობის ვალია. აღნიშნული პორტფელი ბოლო 1 თვეში 98.4 მლნ დოლარით არის შემცირებული.
მონაცემები ცხადყოფს, რომ ივლისში საქართველომ ვალის მომსახურებაში 55.5 მლნ დოლარი გადაიხადა, საიდანაც ვალის ძირი თანხის დაფარვაზე 39.2 მლნ, პროცენტზე კი 16.2 მლნ იყო მიმართული. ივლისის პერიოდში კი, ათვისებულმა თანხამ 41.2 მლნ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი - 6.6 მლრდ დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სესხებია, ისეთების როგორიც არის “აზიის განვითარების ბანკი”, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB,) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მსოფლიო ბანკი და სხვა.
საქართველოს 500 მლნ დოლარი აქვს ნასესხები ევრობონდების ემისიით, რომელთა დაფარვის თარიღი 2026 წლის გაზაფხულზე დგება. უკვე ცნობილია, რომ 2026 წლის გაზაფხულზე "ოცნების" მთავრობა $500-მილიონიან ახალ ევროობლიგაციას გამოუშვებს. ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვებით მთავრობა 2021 წელს გამოშვებულ ევრობონდს დაფარავს, შესაბამისად, მის რეფინანსირებას მოახდენს. მთავრობამ ახალი ფასიანი ქაღალდის განთავსების მიზნით სპეციალური კომისია უკვე დააკომპლექტა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სახელმწიფოს 10,89 მილიარდი ლარის თანხაც აქვს ნასესხები შიდა ბაზრიდან. ბოლო 1 თვეში შიდა ვალის მოცულობა 137 მილიონით შემცირდა.
რაც შეეხება ჯამურ ვალს, შიდა და საგარეო ვალის ჯამით, საქართველოს სახელმწიფოს კრედიტორების მიმართ 35.36 მლრდ ლარი მართებს.




























