მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან სესხულობს ხალხი ფულს? - მსოფლიო ტენდენციები

643987c1c2f56
ლიკა მეგუთნიშვილი
15.04.23 23:00
5060
ზოგიერთი ადამიანი ფულის სესხებისთვის საფინანსო ინსტიტუტებს მიმართავს, ზოგი მეგობრებს ან ოჯახის წევრებს. სხვადასხვა ქვეყნიდან გამომდინარე, ეს არჩევანი ხშირად სხვადასხვა ფაქტორების ერთიანობაზეა დამოკიდებული, მათ შორის ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ფინანსურ განათლებასა თუ ფულის გაცემის კონცეფციის მიმართ კულტურულ დამოკიდებულებაზე.

საიდან სესხულობს ხალხი ფულს მსოფლიოში? ამ კითხვაზე საპასუხოდ „ვიზუალ კაპიტალისტი“ მსოფლიო ბანკის გლობალურ Findex მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, 2021 წელს ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობამ ფული ოფიციალური ფინანსური ინსტიტუტებისგან ისესხა. ამ სიაში 81%-იანი მაჩვენებლით ლიდერობს კანადა, 73%-ით მოსდევს ისლანდია, 70% და 69%-იანი მაჩვენებლით ჰონგ-კონგი და სამხრეთ კორეაც არ ჩამორჩებიან. ნორვეგიასა და აშშ-ს მოსახლეობის 66%-ზე მეტი ფულს ასევე საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხულობს.

მდიდარი ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი გასაკვირი არ არის, რადგან ამ ქვეყნებში ფინანსური სერვისები უფრო ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთებსა თუ კრედიტის აღების შესაძლებლობაზე აქ ფინანსური განათლებაც უფრო მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანას კულტურული პრაქტიკა აქვს, რაც ფინანსური ინსტიტუტებიდან ფულის სესხებაზე გავლენას ახდენს. მაგალითად, იაპონიაში 61% ფინანსურ ინსტიტუტებს იყენებს, რადგან მათთვის ეს კულტურულად თუ სოციალურად უფრო მისაღები ვარიანტია, ვიდრე მეგობრისგან ან ოჯახის წევრისგან ფულის სესხება.

განვითარებულ ეკონომიკებში არსებული რეალობის საპირისპიროდ, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ოჯახის წევრსა თუ მეგობარს ფულის სასესხებლად. ამ რეიტინგში ლიდერობს ავღანეთი, სადაც მოსახლეობის 60% ფინანსური ინსტიტუტებით სარგებლობაზე უარს ამბობს და ფულის სესხებას უახლოესი გარემოცვიდან ამჯობინებს. აფრიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენს, კენიაში 54%-ს, ნამიბიაში 50%-ს, მაროკოში კი 49% ფულს მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან სესხულობს. ნიგერია, სამხრეთ აფრიკა და ერაყი კი რეიტინგში 44%-იანი მაჩვენებლით ხვდებიან.

ეს პრეფერენციები შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული, მათ შორისაა: საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებისადმი ნდობის დეფიციტი, ასეთ სერვისებზე წვდომის ნაკლებობა ან ასეთი სერვისების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა. ამ ქვეყნების უმეტესობაში მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან ფულის სესხება კულტურულ ნორმად არის აღიარებული.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ფინანსური ჩართულობის გაზრდა და ფინანსური პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი ერის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია და ის ასევე გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანიცაა. ფინანსური ჩართულობის დონის ამაღლება ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, წვდომა ისეთ სერვისებზე ჰქონდეს, როგორიცაა, მაგალითად: ონლაინ გადახდები და ტრანზაქციები, შემნახველი ანაბრები, საკრედიტო სერვისები და ა.შ.

მსოფლიო ბანკის გლობალური Findex მონაცემთა ბაზის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყნებისა და ფინანსური სისტემების ერთობლივი ძალისხმევით საბანკო ანგარიშის მფლობელთა რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში 26%-ით გაიზარდა და ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის 76%-ს შეადგენს. თუმცა, ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ უამრავი ხარვეზითაა სავსე, როდესაც საქმე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს, დაბალშემოსავლიან პირებსა თუ ფინანსურ რესურსებზე სქესის მიხედვით არათანაბარ წვდომას ეხება. მსოფლიო ბანკის თანახმად, სესხის აღების მომავალი ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაუმკლავდებიან ქვეყნები ამ გამოწვევებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები