საქართველოში ძეხვეულის იმპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ 14,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2495 ტონა ძეხვის და ანალოგიური პროდუქტების იმპორტი განახორციელა, მაშინ როცა 2022 წელს 10,5 მლნ აშშ დოლარის 2095 ტონა, ხოლო 2021 წელს 7,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1873 ტონა ძეხვეული შემოვიდა.
მთავარი საიმპორტო ქვეყანა მოცულობის მიხედვით უკრაინა იყო, საიდანაც 554 ტონა ძეხვი შემოვიტანეთ, შემდეგ ავსტრია - 556 ტონით, სომხეთი - 397 ტონით, ესპანეთი - 262 ტონით, ბელარუსი - 227 ტონით, თურქეთი - 113 ტონით, პოლონეთი - 108 ტონით. 76 ტონა ძეხვი კი გასულ წელს რუსეთიდან შემოვიდა. დანარჩენ საიმპორტო ქვეყნებს შორის არიან ნიდერლანდები, გერმანია, ირლანდია, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი და ბულგარეთი, რომლებზეც იმპორტის მცირე რაოდენობა მოდის. საიმპორტო ქვეყნები თითქმის იგივე იყო 2022 წელსაც მცირედი სხვაობით.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ ორ თვეში, საქართველოში 2,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები შემოვიდა, მოცულობამ კი 361 ტონა შეადგინა. იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი ძეხვის იმპორტი ისევ უკრაინიდან (81 ტონა), ავსტრიიდან (72 ტონა), სომხეთიდან (47 ტონა) და ესპანეთიდან (45 ტონა) განხორციელდა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოს უმნიშვნელო რაოდენობის ძეხვის ექსპორტი აქვს. 2023 წელს მხოლოდ 17 ტონა ძეხვი გავიდა უცხოეთში, 2022 წელს - 12 ტონა, 2021 წელს კი 20 ტონა. საექსპორტო ქვეყნებს შორის 2023 წელს აზერბაიჯანი, სომხეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო.