მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან უნდა ველოდოთ "პირველ ტურისტებს"? - Galt&Taggart-ის პროგნოზი და რჩევები

5ea2969ce3bdc
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.20 11:32
5619
Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გრძელვადიანი გეგმებიდან დროებით გადახვევა და აქცენტის შიდა და იაფ საერთაშორისო ტურიზმზე გაკეთება. 

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კახა სამყურაშვილი განმარტავს, პირველი ეტაპისთვის უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ შიდა ტურიზმის გააქტიურება, ხოლო ზაფხულის მიწურულს მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოყვანაზე უნდა დაიწყოს ფიქრი.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება ჩვენთან და ასევე, სხვა ქვეყნებში. შეგვიძლია, რამდენიმე ეტაპად დავყოთ ტურიზმის სექტორში კრიზისის აღმოფხვრა. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ შიდა ტურიზმს ალტერნატივა არ აქვს, იმის გამო, რომ საერთაშორისო ტურიზმი სახიფათოა და იმპორტირებული შემთხვევების თავიდან აცილება რთული იქნება.

მეორე ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოს - შემოდგომის დასაწყისში შესაძლებელი იქნება მეზობელი ქვეყნებიდან ნელ-ნელა წამოვიდეს ნაკადი; ამ შემთხვევაში ის ფაქტორი, რომ მეზობლებზე ძალიან ვიყავით დამოკიდებული, შეიძლება სასიკეთო აღმოჩნდეს ჩვენთვის განსხვავებით ძველი პერიოდებიდან. იმიტომ რომ, მაგალითად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ტურისტი უფრო მარტივად ჩამოვა, ვიდრე - საფრანგეთიდან“, - ამბობს კახა სამყურაშვილი.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ "არსებული ეპიდემიოლოგიური რეალობიდან გამომდინარე, ამაზე მეტის ამბიცია წელს არ უნდა გვქონდეს და ადრე თუ ქვეყნის ვექტორი მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე იყო მიმართული, დროებით ეს უნდა შეიცვალოს და უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება იაფი და მისაღები გავხადოთ ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობა".

„მგონია, რომ წელს ამაზე მეტის ამბიცია ცოტა ოპტიმისტური იქნება, რასაც ვუსმენთ თუნდაც ავიაკომპანიების, უცხოური სასტუმროების ქსელებიდან და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მოლოდინებიდან გამომდინარე, ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ტურიზმი ძველ სიმძლავრეებს დაუბრუნდეს  ვაქცინის შექმნამდე. მეორე მხრივ, რაზე უნდა გააკეთოს პოზიციონირება ამ დროს ქვეყნამ - პირველ რიგში, ეს არის მეზობელ ქვეყნებზე აქცენტის გაკეთება და ასევე, იმაზე, რომ ვართ იაფი ქვეყანა.

მოსალოდნელია რეცესია -  მსოფლიოს 170 ქვეყანაში წელს ეკონომიკური ზრდა იქნება ნეგატიური, შესაბამისად, დამსვენებლების მსყიდველობითუნარიანობა შეიძლება მკვეთრად - არა, მაგრამ შემცირდება. შესაბამისად, ისეთი სერვისის შეთავაზება, რაც გულისხმობს იაფ მიმართულებას, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი პლიუსი იყო. მართალია, ეპიდემიამდე ვამბობდით, რომ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტზე უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი, თუმცა ახლა ისეთი მდგომარეობაა,  მოკლევადიან პერიოდში სტრატეგია უნდა შეიცვალოს, რათა ზარალი მინიმუმადე დავიყვანოთ.

გარდა ამისა, ეს პერიოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისთვის, რაც ძალიან გვაკლდა, ვგულისხმობ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას -  ამ სახის სამუშაოები ამ პერიოდში მნიშვნელოვან ფისკალურ ეფექტს იქონიებს ეკონომიკაზეც და მეორე მხრივ, შეიძლება გამოსწორდეს ისეთი პრობლემები, როგორიც არის ბაკურიანში წყლის საკითხი,  ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების პრობლემა და ა.შ. ასევე, არის ბევრი სასტუმრო ქვეყნაში, რომელიც ქვეყანაში დიდი ხანია რაც ფუნქციონირებს და მათ ეს პერიოდი შეუძლიათ, გამოიყენონ განახლებისთვის.

ასევე, გამვყოფდი ბალნეოლოგიური კურორტების განვითარებისთვის ყურადღების მიქცევას, რომელიც მოკლევადიან პერიოდში, არ მგონია, რომ პანაცეა იქნება ვინმესთვის, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვფიქრობ, ზოგადად, ჯანმრთელ ცხოვრებაზე და ჯანდაცვის საკითხებზე გაზრდილი იქნება მოთხოვნა და ჩემი აზრით, ის ძალიან დიდი რესურსი, რაც გვაქვს ბორჯომში, საირმეში, წყალტუბოში და სხვაგან იქნება გამოყენებული. დღეს იმიტომ ვერ ვიღებთ სტუმრებს იქ, რომ არ გვაქვს საჭირო ინფრასტრუქტურა და არ გვაქვს საკმარისი მარკეტინგი, რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დარჩენილი ცნობადობა და ეს ზომები შემამსუბუქებელი გარემოეობებია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იქნება პანაცეა ეკონომიკისთვის, სანამ მსოფლიოში არ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, - უთხრა BM.GE-ის Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები