მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საიდუმლო არ უნდა იყოს, ვის და რა პირობით უფორმდება საგადასახადო შეთანხმებები - ექსპერტის არგუმენტები

ზურაბ ძნელაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ზურაბ ძნელაშვილის აზრით, "საგადასახადო შეთანხმების პრაქტიკა კი არაა მანკიერი, არამედ მოქმედი კანონმდებლობაა ხარვეზიანი".

საქმე ის არის, რომ "ოცნების" მთავრობამ საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა რეფორმირება გადაიფიქრა. "დღეისთვის საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის გადახედვის მიზანშეწონილობის საკითხზე ფინანსთა სამინისტროში მუშაობა არ მიმდინარეობს” - განუცხადეს BMG-ის შემოსავლების სამსახურში. “გადაიხედება საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა. მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ფართო დიალოგის დაწყება, რომელიც შეაფასებს საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მიზანშეწონილობას კონკურენტუნარიანი გარემოსა და ეკონომიკაზე ზეგავლენის მიმართულებით“, - ეწერა 2021 - 2024 წლების სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, თუმცა 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით ევროპისკენ“ საგადასახადო შეთანხმების პრაქტიკის გადახედვაზე ჩანაწერიც არ იძებნება.

ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, როდესაც მთავრობამ 2020 წელს საგადასახადო შეღავათების რეფორმირებაზე მსჯელობა დაიწყო. ის იმ საგადასახადო ექსპერტებს შორისაა, რომლებიც პრობლემას არა პრაქტიკაში, არამედ კანონმდებლობაში ხედავენ.

„საგადასახადო შეთანხმების ინსტიტუტი აშშ-დანაა გადმოღებული, მაგრამ განსხვავებით ამერიკული მოდელისა, ქართული მოდელი გაუმჭვირვალეა“, - თქვა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ BMG-სთან და კანონმდებლობის ხარვეზებზე ისაუბრა.

„ჩვენს კანონმდებლობაში არაფერი წერია საგადასახადო შეთანხმების მიზანზე. ასევე, არ წერია წინაპირობები, ვის და რა შემთხვევაში შეიძლება გაუფორმდეს საგადასახადო შეთანხმება და სწორედ ეს აჩენს კითხვებს მათ შორის კონკურენციის შეზღუდვის რისკებზე. გარდა ამისა, საგადასახადო საიდუმლოების მუხლი საგადასახადო შეთანხმებებზე არ უნდა გავრცელდეს“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა და როგორც საგადასახადო ექსპერტმა საკუთარი მოსაზრება გაამყარა საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას არ წარმოადგენს. აღნიშნული განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, თუ ვის აქვს ვალი, ვინ არ იხდის გადასახადებს და ა.შ. შესაბამისად, ამავე ლოგიკით, საგადასახადო საიდუმლოების მუხლი არ უნდა ვრცელდებოდეს საგადასახადო შეთანხმებების მექანიზმით მოსარგებლე პირებსა და პირობებზე“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც და ახლაც მიაჩნია, რომ საგადასახადო შეთანხმებების მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ინსტრუმენტის რეფორმირება საჭიროა.

„თეორიულად, საგადასახადო შეთანხმება პირს/გადასახადის გადამხდელს შეიძლება სამ შემთხვევაში გაუფორმდეს: 1. როცა გადასახადის გადამხდელს აქვს ფინანსური სიძნელეები და ვერ ახერხებს საგადასახადო დავალიანების დაფარვას ანუ მისი შემოსავალი და ქონება არაა საკმარისი, რომ ვალი დაფაროს. 2. როცა შეუძლია გადაიხადოს საბიუჯეტო დავალიანება, მაგრამ ეს მას მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენებს და თუ ვალის დაფარვის შემდეგ მთელი ქონება გაყიდული მექნება, რა აზრი აქვს მაშინ ვალის დაფარვას?! ჩვენი მიზანი ხომ ბიზნესის შენარჩუნება და ხელშეწყობაა?! 3. როცა საგადასახადო დავალიანების კანონიერება სადავოა - 50/50-ზეა, არცერთი მხარე არ თმობს პოზიციებს, შესაბამისად, დავის პროცესი იწელება. ასეთ სიტუაციაში, შესაძლებელია, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება ორივე მხარისთვის კომპრომისული და სასარგებლო ვარიანტი იყოს.

ამდენად, საგადასახადო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმება სწორი არ იქნება, რადგან ეს არის ძალიან ეფექტიანი ინსტიტუტი იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც აქვთ ფინანსური სიძნელეები და სჭირდებათ სახელმწიფოს გვერდში დგომა. ბიზნესი დანადგარი ხომ არაა, სანამ მუშაობს გამოიყენო და მწყობრიდან თუ გამოვა ან გაუჭირდება ფუნქციონირება, გადააგდო?! ბიზნესს გვერდში დგომა და ხელშეწყობა სჭირდება და სწორედ ამისთვის არსებობს საგადასახადო შეთანხმებები, რომელიც - ფინანსური სიძნელეების მქონე გადასახადების გადამხდელებს უნდა გაუფორმდეს“, - განმარტა ზურაბ ძნელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები