კორპორაცია Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე $100 მილიონიან კომპლექსს აშენებს - მიწისქვეშა ბუნკერით, საკუთარი საკვებითა და ენერგიის წყაროებით, - ამის შესახებ ინფორმაციას Wired ავრცელებს.
Wired-ის მიერ ქონების ჩანაწერების და კონტრაქტორებთან ინტერვიუს გამოძიების თანახმად, ფართო საკუთრება სახელად Koolau Ranch უკვე ნაწილობრივ აშენებულია და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პერსონალურ სამშენებლო პროექტად ყალიბდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგმა კუნძულ კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროზე მიწის შესყიდვა 2014 წელს დაიწყო. კომპლექსი 5,6 მილიონ კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ამ ტერიტორიიდან 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება ორი სასახლე 30 საძინებლითა და სველი წერტილით, ასევე, ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებითა და ლიფტებით.
ორი ცენტრალური კორპუსი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება, რომელიც 465 კვადრატულ მეტრ ფართობის თავშესაფრამდე მივა. თავშესაფარს ენერგიის საკუთარი წყარო და სურსათის მარაგი ექნება.
ინფორმაციისთვის: აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა „საიდუმლო" გრიფით არის კლასიფიცირებული. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავალდებულოა ადგილზე დასაქმებული ყველა პირისთვის, სამშენებლო ბრიგადები ცალკეული პროექტებით არიან დაკავებული და ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება არ აქვთ.