"საქართველო გზაჯვარედინზე: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები", - ამ სათაურით მომზადებული დოკუმენტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, წინასაარჩევნო კონტექსტში პოლიტიკურ ლანდშაფტს და ევროინტეგრაციის საკითხს მიმოიხილავს. მისი ავტორი ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრი, ანალიტიკოსი ანა კაპრილეა.
ავტორი მიუთითებს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით პირველად ჩატარდება და მისი შედეგები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რაც პოტენციურად განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას მომავალი წლების განმავლობაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შედარებით საიმედო გამოკითხვების პროგნოზით, უმრავლესობას ვერც ერთი პარტია მოიპოვებს და კოალიციის შექმნა იქნება საჭირო.
"საარჩევნო კამპანიის გარემო სულ უფრო დაძაბული და პოლარიზებული ხდება. 2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, არჩევნებს „მშვიდობასა და ომს“ შორის არჩევანს უწოდებს. იმავდროულად, ოპოზიცია არჩევნებს დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლევა, მაგრამ უფრო საიმედოდ მიჩნეული გამოკითხვები პროგნოზირებენ, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერცერთი პარტია შეძლებს და კოალიციის შექმნა გახდება საჭირო",- აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირი წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, რომელსაც ახლდა პირობა, რომ ქვეყანა ცხრა ძირითად სფეროში პროგრესს მიაღწევდა, მმართველმა პარტიამ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და ხელს უშლის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას.
"საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. კომისია სავარაუდოდ უახლოეს კვირებში მიიღებს 2024 წლის გაფართოების პაკეტს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პროგრესს",- წერია დოკუმენტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR), რომელსაც შეუერთდა ევროპარლამენტის წევრების დელეგაცია.