მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საიმედოობით განთქმული შვეიცარუილი საბანკო სისტემა შანტაჟისთვის გამოიყენება, ამით ანგრევენ ბანკებს - კობახიძე Julius Baer-ზე

კობახიძე

“სამწუხაროა, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც ოდესღაც განთქმული იყო საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ შვეიცარიულ ბანკებს”, - განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მორიგ საბანკო დავაზე, შვეიცარიულ Julius Baer-ის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა Julius Baer-ს უჩივლა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის მიერ ივანიშვილისთვის დაწესებული პერსონალური ფინანსური სანქციის შემდეგ ბანკმა მომსახურება შეუჩერა ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებს, რაც ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის განცხადებით უკანონო ნაბიჯს წარმოადგენდა, რადგანაც ეს პირები სანქცირებული არ არიან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით კი Julius Baer-ი, ისევე როგორც Credit Suisse-ი ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოიყენება, ამ შანტაჟის შედეგად კი თავად შვეიცარიული საბანკო სისტემა “ინგრევა”.

“სრულიად აშკარაა, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სახე. ბიძინა ივანიშვილის ძარცვა დაიწყო 2008 წელს, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა უარი თქვა სააკაშვილთან ყოველგვარ კომუნიკაციაზე. უკრაინის ომის შემდეგ კი საქართველოს მიმართ წამოვიდა კონკრეტული მოთხოვნა, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ და ამასთან დაკავშირებით წარმოეშვა პრობლემა ბიძინა ივანიშვილსაც, როდესაც გაიყინა თანხები მის ანგარიშზე შვეიცარიულ ბანკში. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საკითხი. ამას აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საფუძველი, რაც გამოიყენებოდა შანტაჟის ინსტრუმენტად ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვხედავთ რომ ეს პროცესი გრძელდება. როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ბატონი ივანიშვილი არასოდეს არ დათმობს ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

სამწუხაროა, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა, რომელიც ოდესღაც განთქმული იყო საიმედოობით, დღეს გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის. ამით ანგრევენ შვეიცარიულ ბანკებს, მაგალითად Credit Suisse-ის აქციები 99%-ით არის გაუფასურებული. თუკი ადრე 99 ფრანკი ღირდა, დღეს 1 ფრანკზეა ჩამოსული აქციების ფასი და ამითაც სარგებლობენ კონკრეტული პირები, რომლებიც იაფად ყიდულობენ პოლიტიკური კოორდინაციით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ Julius Baer-ს უჩივის - ბანკმა სანქცია მისი ოჯახის წევრებზეც განავრცო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები