მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საინვესტიციო ბანკებთან ინვესტორები უფრო მოქნილები ვიქნებით” - მარგებაძე CFD სქემის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებზე

6456a4e19dfe3
ლიკა გურაბანიძე
07.05.23 00:31
921
ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის, CFD სქემის ფარგლებში პირველი ეტაპის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია. აუქციონის კომისიის მიერ განსაზღვრული მედიანური ტარიფი მცირე და საშუალო ჰესების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარისთვის მისაღებია. გიორგი მარგებაძე “საქმის კურსში” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამის შედეგად, ინვესტორები უფრო მეტად მოქნილები გახდებიან.

“საინვესტიციო ბანკებთან და საინვესტიციო ორგანიზაციებთან მიმართებაში ჩვენ ინვესტორები უფრო მოქნილები და თამამები ვიქნებით. ასევე, პროექტების განხორციელების პროცესშიც ვგულისხმობ სოციალურ საკითხებს, რომლებსაც ინვესტორები სთავაზობენ ადგილობრივებს, აქაც უფრო მოქნილები გავხდებით. ამ აუქციონით ცალსახად გამოჩნდა ერთი რამ, რომ დაინტერესება არის ძალიან დიდი და პროექტები გვაქვს უამრავი.

გამოჩნდა, კერძო სექტორის მიმართ რამხელა დაინტერესებაა. ახლა მთავარია ეს პროცესი დაიხუროს და რეალურ აღსრულებაზე გადავიდეთ, იმ პრობლემებზე, რომელსაც ადგილზე მისვლის დროს ვეჩეხებით ეს იქნება სოციალური საკითხები ადგილობრივებთან თუ ა.შ.” - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებმა 78 განაცხადი შეიტანეს, საიდანაც აუქციონის კომისიამ 24 გამარჯვებული კომპანია შეარჩია. პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონის მიმართ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალი იყო, რადგან ჯამში, მზის, ქარისა და ჰიდროს მიმართულებით სახელმწიფომ აუქციონზე 300 მეგავატი სიმძლავრის პროექტები გამოიტანა, განაცხადები კი სამჯერ მეტ სიმძლავრეზე შევიდა.

ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ცნობილია აუქციონის კომისიის მიერ განსაზღვრული მედიანური ტარიფი, რაც ჰესების შემთხვევაში 6,85 ცენტი, ქარის ელექტროსადგურის პროექტების შემთხვევაში 6,82, მზის შემთხვევაში კი 6,37 ცენტია. მაყურებელს შევახსენებ, რომ აუქციონში გამარჯვებული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული. კერძოდ, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში მზადაა კომპანიას ფასთა სხვაობა გადაუხადოს იმ შემთხვევაში, თუ საბითუმო ფასი ნაკლები იქნება CFD ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები