მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულია 700-მდე თანამშრომელი - საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირი

კახი სამხარაძე

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ თანათავმჯდომარის, კახი სამხარაძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რაოდენობა უკვე 700-ს აღწევს. მისივე თქმით, ეს რიცხვი მზარდია გამომდინარე იქიდან, რომ რეორგანიზაცია არაერთ სახელმწიფო უწყებაში გამოცხადდა. ბოლოს ეს პროცესი პარლამენტშიც დაიწყო.

„დღეის მონაცემებით, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულია 700-მდე თანამშრომელი იმის გამო, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს. 150-მა მოხელემ ჩვენ მოგვმართა უფლებების დასაცავად. ეს მონაცემი მზარდია.

მიმდინარე კვირას საჯაროდ გაცხადდა, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. პარლამენტში დღესდღეობით ეს პროცესი უკავშირდება მუდმივ აპარატს, რომელშიც მოიაზრება სხვადასხვა დეპარტამენტი, მათ შორის საორგანიზაციო, იურიდიული, ადამიანური რესურსების თუ სხვა დეპარტამენტი. ეს ადამიანები დღემდე ღიად არ აფიქსირებდნენ მათ პოზიციას, თუმცა ამის მიუხედავად, სისტემამ მათაც მიაგნო და მათ მიმართაც დაიწყო შევიწროება და რეპრესიები, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის, თითოეული ადამიანის განწყობა საჯარო სამსახურში. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი იმისათვის, რომ ეს რეპრესიები აუცილებლად ყველა ადამიანამდე, ყველა საჯარო მოხელემდე მივა, ამიტომ სჯობს მათ თავიდანვე ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რათა შედარებით უფრო მარტივი იყოს მათი უფლებების დაცვა“, - განაცხადა კახი სამხარაძემ.

ამასთან, მან თავისუფალ ბიზნესს გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მინდა მოვუწოდო ყველა თავისუფალ ბიზნესს, რომ აუცილებლად ჩაერთონ იმ საქმეში, რომელსაც ჰქვია ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობა იმ სისტემის მიმართ, რომელიც საჯარო მოხელეებს დევნის და ახორციელებს დრაკონულ რეპრესიებს. მოვუწოდებ მათ ჩაერთოთ ერთობლივად დასაქმების და გადამზადების კამპანიებში. იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებმაც მათი პირადი ინტერესები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის გადაწიეს უკანა პლანზე, ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა, ამიტომ ამ მიზნით ვთხოვთ ბიზნესს რომ მხარი დაუჭირონ მათ", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. როგორც კახი სამხარაძემ აღნიშნა, სარჩელი მიმდინარე კვირას დარეგისტრირდა.

„ბუნებრივია, ჩვენ სასამართლოსგან ვერ გვექნება მოლოდინი, რომ ის იქნება თავის სიმაღლეზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და შემდგომში უფლებების დაცვა გავაგრძელოთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები