მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას - საია

რეფორმა

"ქართული ოცნების" პარლამენტს ცვლილებები შეიტანა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებების პროცესი კვლავ გრძელდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები ცალსახად ნეგატიურია, ვინაიდან, აუარესებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა/საჯარო მოხელეთა უფლებრივ მდგომარეობას და ხშირად, ტოვებს მათ სამართლებრივი გარანტიების გარეშეც.

ორგანიზაცია წერს, რომ საიას სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით უკვე მომართა არაერთმა საჯარო მოხელემ, რომელთაც უკვე შეეხოთ აღნიშნული ცვლილებები. რამდენიმე მათგანი, კანონში ცვლილებამდე დასაქმებული იყო პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციაზე. ცვლილებამ განაპირობა მათი ავტომატური გადაყვანა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პოზიციებზე და შესაძლებელი გახადა მათი გათავისუფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

აღნიშნულმა ცვლილებებმა, მათ შორის, დაადგინა, რომ გარკვეული თანამდებობის პირები ავტომატურად მიიჩნევიან არა პროფესიულ საჯარო მოხელეებად, არამედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად, რომლებზეც ვრცელდება დასაქმებისა და გათავისუფლების განსხვავებული რეჟიმი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონკრეტულ საქმეზე დაყრდნობით ამბობს, რომ საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

"აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილებას საქმეზე „ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“1 (შემდგომში - ლაცაბიძის საქმე). ამ საქმეში დავის საგანი იყო ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 59-ე მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი.2 საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი. ეს არის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის თანამდებობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის. 2014 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ახალი მერის არჩევისას 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით მოსარჩელე გადაყენებული იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ იმას ასაჩივრებდა, რომ ახალი მერის/გამგებლის არჩევისას მას ავტომატურად უწყდებოდა უფლებამოსილება.3 საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან გამიჯნა პოლიტიკური და პროფესიული თანამდებობის პირები. სასამართლოს განმარტებით, „პროფესიული თანამდებობის პირი უშუალოდ არ წარმოადგენს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ სუბიექტს. მისი ფუნქციები უმეტესად საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ უკვე განსაზღვრული პოლიტიკის პრაქტიკულ რეალიზაციაში, აღსრულებაში გამოიხატება.“ ამასთან, „განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან, პროფესიული თანამდებობის პირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, პროფესიის, კვალიფიკაციისა თუ სხვა შესაბამისი მახასიათებლების მქონე ადამიანმა.“ საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა: „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროფესიული თანამდებობის პირები არ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არ ხდება მათ მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთი თანამდებობის პირის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულება მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.“ - წერს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევს და სარჩელით მიმართვის შემთხვევაში არსებობს განმწესრიგებელ სხდომაზე ამ ნორმების გამარტივებული წესით ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები