„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და ყოფილი საჯარო მოხელის, ნანა მალაშხიას შეფასებით, მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი მიმართულებით გახსნა „რეპრესიების ცეცხლი“, მაგრამ საჭიროა, საჯარო მოხელეებს მეტი ყურადღება დაეთმოს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც რეპრესირებული საჯარო მოხელეების მხარდაჭერის შესახებ კოალიციის ხედვაზე ისაუბრა.
პოლიტიკოსის თქმით, პარტიის ხედვა მოიაზრებს, როგორც პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ხელშეწყობას დასაქმების ბაზარზე, ისე მოქმედი საჯარო მოხელეების და საჯარო მოსამსახურეების მხარდაჭერას, რათა ყველამ ირწმუნოს, რომ რეალურად, „ქართულ ოცნებას“ ეშინია საჯარო სექტორში დასაქმებულების პროტესტის და სწორედ ამით აიხსნება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი რეპრესიული ცვლილებები.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია საჯარო სექტორი. ეს განაცხადი ჩვენ წინასაარჩევნოდ გავაკეთეთ და, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას რეპრესირებული საჯარო მოხელეების მიმართ“, - ამბობს ნანა მალაშხია, რომელიც საზოგადოებამ 2023 წლის საპროტესტო აქციებიდან გაიცნო, როგორც „ქალი ევროკავშირის დროშით“, რომელიც მაშინ თბილისის მერიაში, ერთ-ერთ სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.
რაც შეეხება კოალიციის ხედვას, როგორ წარმოუდგენიათ ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის საჯარო სექტორიდან გაშვებული ადამიანების დახმარება, ნანა მალაშხიას განმარტებით, პარტიის ხედვა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი - „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლამდე მოქმედებები და მეორე - ხელისუფლების შეცვლის შემდგომი რეფორმები ეფექტიანი სახელმწიფო აპარატის შექმნის მიზნით.
როგორც ნანა მალაშხია ამბობს, იგეგმება ვებგვერდის შექმნა, სადაც თავს მოიყრის სამსახურებიდან გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეების და მოხელეების გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია.
პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, რასაც გავლენა ეკონომიკაზეც აქვს, შრომის ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტის გათვალისწინებით, სამსახურის მაძიებელი, ყოფილი საჯარო მოსამსახურეების ბაზის შექმნა სასარგებლო იქნება.
„ცხადია, გვესმის, რომ საჯარო სექტორი თავისი სპეციფიკით განსხვავებულია, ვიდრე ბიზნესი, თუმცა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს აქვთ გამოცდილებაც, კომპეტენციაც და შესაძლებელია, გარკვეული უნარების შეძენით, ისინი კერძო სექტორისთვის საინტერესო კადრებად იქცნენ.
მოგეხსენებათ, საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულ 500-მდე ადამიანს შორის არიან ფინანსისტები, არქიტექტორები და ა.შ. და ჩვენი მიზანია, ამ ორი რგოლის - ბიზნესის და ყოფილი საჯარო მოსამსახურეების - ერთმანეთთან დაკავშირება. არ გვაქვს ილუზია, რომ ყველა დასაქმდება, მაგრამ ვფიქრობ, ვებგვერდი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით შეიქმნება და სადაც განთავსდება საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაცია, სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ და იქვე დასძინა, რომ სრულყოფილი ბაზის შექმნას საჯარო მოხელეების პროფკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით გეგმავენ.
პოტენციურ დამსაქმებლებზე საუბრისას, ნანა მალაშხიამ იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა freebusiness.ge-ზე რეგისტრირებულ კომპანიებთან სწორი კომუნიკაციის აწყობას შეძლებენ.
გარდა კერძო სექტორისა, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, პარტიას აქვს მოლოდინი, რომ რეპრესირებულ საჯარო მოხელეებს საერთაშორისო ფონდებიც დაუჭერენ მხარს.
„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე - აპირებს თუ არა კოალიცია რეპრესირებული საჯარო მოხელეების მხარდაჭერის შესახებ თავისი ხედვა სხვა პარტიებსაც გაუზიაროს და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაოს საჯარო სექტორის გაძლიერებისკენ, ნანა მალაშხიამ განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილიებისთვის“ მზად არის, პარტიის ხედვა სხვებთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწოს.
„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა. ღონისძიებას ყოფილი საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ. მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სხვა პარტიებთან კომუნიკაციას, ამ თემაზე შეხვედრა ჯერ არ გვქონია, მაგრამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესიც არის, რიგ ეროვნულ თემებზე და მათ შორისაა საჯარო სექტორის მხარდაჭერა, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ნანა მალაშხიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ხედვის თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო პროცედურის გარეშე, დაჩქარებული წესით მოხდება საჯარო სექტორიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენა და განაცდურ თვეებზე კომპენსაციის მიცემას.