მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნებამ“ მძევლად აიყვანა საქართველოს საჯარო მოხელეები - გახარია

გიორგი გახარია

ამ საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნებამ“ მძევლად აიყვანა საქართველოს საჯარო მოხელე - ასე აფასებს, ყოფილი პრემიერი და "საქართველოსთვის" ლიდერი გასულ კვირას, "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.

ყველა ცვლილება, რომელიც "ოცნებამ" საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებულად შეიტანა

ქვეყანა სისტემურ პოლიტიკურ კრიზისშია. არჩევნების გაყალბების შემდეგ, „ოცნებამ“ მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი, იძალადა საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც თავის განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ. ამ ყველაფრის პარალელურად „ოცნება“ ახერხებს იმას, რომ არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში გააქვს ისეთი კანონები, რომლებითაც საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი დაისაკუთრა, მძევლად აჰყავს საჯარო სექტორი.

ფაქტობრივად, „ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა. რაც ნიშნავს, რომ საჯარო სექტორის საშუალო რგოლი დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას და ერთ ადამიანს.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც პირველ რიგში იბრძოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთის და სახელმწიფოებრიობისთვის. ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანებისთვის ხელის ხლება, იმიტომ, რომ ესენი არიან ინსტიტუციური მეხსიერების მატარებლები დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში.

დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა და ფაქტობრივად, თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები - დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, (ზოგიერთ შემთხვევაში სამმართველოს ხელმძღვანელები და მოადგილეები) მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები. გარდა ამისა, მიიღო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს ყველანაირი საფუძვლის გარეშეც და მათ შემდგომ სამართლებრივი დავის საშუალებაც ფაქტობრივად ერთმევათ.

ამ საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნებამ“ მძევლად აიყვანა საქართველოს საჯარო მოხელე", - განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს, 18 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები