მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახალხო დამცველი ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციების მიერ საბჭოს დატოვებას ეხმაურება

ომბუდსმენი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციების მიერ საბჭოს დატოვებას ომბუდსმენი ეხმაურება. როგორც განცხადებაში წერია, სახალხო დამცველი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე.

"აღსანიშნავია, რომ არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო“ და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს. ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი და მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში, განხორციელებულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე და ამ მიზნით ყოველწლიურად სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, რეგიონულ თუ ცენტრალურ დონეზე, შეხვედრებს მართავენ, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, ისე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპარატის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები აისახება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაზე მუშაობს", - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გუშინ, 1 თებერვალს გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი სახალხო დამცველს ემიჯნებიან და საბჭოს ტოვებენ. საერთო განცხადებას ხელს 7 ორგანიზაცია აწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები