წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „აწარმოე საქართველოს“ შესაბამისობის აუდიტს ჩაატარებს. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის გეგმიდან ირკვევა.
აუდიტის პერიოდი 2023-2025 წლებს მოიცავს.
„აუდიტის მიზანია, შეისწავლოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ მარეგულირებელ ნორმებთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხები“, - წერია დოკუმენტში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში” ბიუჯეტი 253 მლნ ლარი იყო, 2024 წელს - ₾222 მლნ, 2025 წელს - 247მლნ ლარი, ხოლო წლევანდელ ბიუჯეტში 183 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
ცნობისთვის: სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის მიზანი სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობაა. სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 47 უწყებას და პროგრამას შეამოწმებს - 2026 წლის გეგმა ცნობილია



























