„ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთან დაპირისპირება, ამით ვერცერთი მხარე ვერ მოიგებს. კარგია რომ ბიზნესმა ლაპარაკი დავიწყეთ და ახლა მთავარია მოგვისმინონ,“ - ეს განცხადება გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ “ზოდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დვალიძემ გააკეთა.
მისი თქმით, მთავრობას უნდა ესმოდეს ბიზნესის ხმა განურჩევლად ზომისა და სეგმენტისა, ეს ხმა კი პროცესების დროულ დეესკალაციას ითხოვს, რაშიც ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პატიმრების გათავისუფლება მოიაზრება.
„მიმდინარე პროცესები ყველა ბიზნესზე აისახება, უბრალოდ აქ არის საფეხურები, - ვინ უფრო ადრე დაზარალდება. მე არ მეგულება ქვეყანაში ბიზნესი, რომელიც მარტივად გადააგორებს მსგავს კრიზისულ სიტუაციას. ნეგატიური სცენარები არ გვიყვარს, მოლოდინები პირიქით ოპტიმისტური მაქვს და მინდა ეს სიტუაცია დროულად გადაიჭრას, ამის ამოხსნა უნდა მოიძებნოს სხვა გამოსავალი არ აქვს არც ბიზნესს, არც მოქალაქეებს და არც ქვეყანას.
ბიზნესში ვარ საკმაოდ დიდი ხანია და მახსოვს წინა ხელისუფლების დროსაც არსებული მოვლენები. ვთვლი რომ მაშინაც იყო ბიზნესის მხრიდან შეცდომები დაშვებული, როდესაც ერთს ექმნებოდა პრობლემა, მეორე არ დაუდგა გვერდით, ბევრი გვახსოვს ასეთი და ახლა ვფიქრობ რომ ეს ერთიანობა მნიშვნელოვანია. ყველა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უნარი მოუსმინოს ბიზნესს, ეს არ ნიშნავს სხვა მხარეს ყოფნას. ბიზნესი მუშაობს ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქმნება ეს დოვლათი, სახელმწიფო დგას ამ ბიზნესზე და ბიზნესის არ მოსმენა დანაშაულია.
ჩვენი თვითმიზანი არ არის რამესთან დაპირისპირება, პირიქით, ერთმა თქვა სწორედ თქვენს ეთერში, რომ მთავარია ბიზნესი გათავისუფლდეს, შიშის მომენტი არ უნდა იყოს, პარტნიორული დამოკიდებულება უნდა იყოს ბიზნესსა და მთავრობას შორის, თუკი ამას დაპირისპირების სახით უნდა მივუდგეთ, მაშინ ვერცერთი მხარე ვერ მოიგებს.
კარგია რომ ლაპარაკი დავიწყეთ და ახლა მთავარია, რომ ეს ლაპარაკი გაიგონ მათ, ვისაც ეს ევალება,“ - განაცხადა დვალიძემ.
„ზოდში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გაყიდვების კლება უკვე 20-30%-ის ფარგლებშია, გაჩერებულია როგორც საცალო, ისე კორპორატიული კლიენტები. კომპანიის მენეჯმენტში ფიქრობენ, რომ დროული გადაწყვეტების გარეშე გავლენა მომდევნო თვეებში ყველა ბიზნესზე აისახება, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
„მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენა ბიზნესზე რბილად რომ ვთქვა, არის საკმაოდ მძიმე. ჩვენი სექტორი ძალიან აქტიურად არის მიბმული უძრავ ქონებაზე, ტურიზმზე, საცალოსთან ერთად ვმონაწილეობთ კორპორატიულ სეგმენტშიც. არის პროექტები სადაც სრულად უცხოელების მხრიდან ხდება აპარტამენტების შეძენა და ეს პროცესიც პარტნიორ კომპანიებთან სრულად შეჩერებულია. იგივე ხდება საცალოშიც. აქ ამინდიც კი მოქმედებს გაყიდვებზე და წარმოიდგინეთ ეს არის ამინდი ქვეყანაში, ცუდი ამინდი გვაქვს და ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე.
დღეს და ხვალ „ზოდში“ შეიძლება ეს პრობლემა ასეთი მკაფიო არ იყოს, რადგან სარემონტო ბაზარი ვართ და ეს ბინები, რომელსაც ახლა ვემსახურებით გაყიდულია რაღაცა პერიოდის წინ, მაგრამ ეს ვარდნა რომელიც ახლა წარმოიშობა მომავალში ჩვენზე აისახება. ამ ეტაპზე კლება 20-30%-ის ფარგლებშია. კორპორატიულში უმეტესად პროექტები დაპაუზებულია და არსებობს უამრავი კითხვა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ. ორი ფაქტორი მუშაობს ახლა ნეგატიურად , ის რაც ზოგადად არის და რაც ქვეყნის კურსს ეხება და მეორე გაურკვევლობა.
დეესკალაციის გარეშე ბიზნესი წინ ვერ წავა, რადგან ხედვა არ აქვს. მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, თუმცა მგონია, რომ შესაძლებელი იყო აქამდე არ მივსულიყავით. უნდა მომხდარიყო იმ საკითხების გათვალისწინება რის მიმართაც მგრძნობიარეა მოსახლეობა და ბიზნესი,“ - განაცხადა BMG-თან ნინო დვალიძემ.