სახელმწიფო ელექტროსისტემამ სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის 66 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
კერძოდ, შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 65 963 611 ლარად უნდა მოხდეს შემდეგი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა: არსებული 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, „ლიახვი“-სა და „ურბნისი“-ს, გაორჯაჭვიანება (ახალი 220 კვ ეგხ „ლიახვი 1-2“ და 220 კვ ეგხ „ურბნისი“) და არსებული 220 კვ ძაბვის ეგხ „ლომისი“-ს რეკონსტრუქცია-გაორჯაჭვიანება (ახალი 220 კვ ეგხ „ლომისი 1-2“).
ტენდერში შერჩეული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში სამივე ელექტროგადამცემ ხაზთან მიმართებით უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ტესტირების რეჟიმში გაშვება. შერჩეულმა კომპანიამ ამას გარდა, უნდა უზრუნველყოს სამივე გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში მიღება, სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან 6 თვის ვადაში.
ტენდერში მონაწილეობაზე წინადადების მიღება 4 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დამთავრდება.




























