მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ელექტროსისტემაში IT კომპანიების ჩართულობით საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება

ელექტროსისტემა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ IT კომპანიების ჩართულობით საკონსულტაციო საბჭოს შექმნა იგეგმება. ინფორმაციას ელექტროსისტემა ავრცელებს.

მათი ცნობით, სსე-ს გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი საქართველოში მოქმედ მსხვილ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. მან კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათი ჩართულობით საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიზანი კომპანიის IT მიმართულებით შესყიდვების პროცესების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ბაზარზე კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნა იქნება.

"ინიციატივა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

საკონსულტაციო ჯგუფის ფორმირება მოხდება კომპანიების გამოცდილების, პროფესიული კვალიფიკაციისა და სანდოობის გათვალისწინებით", - განმარტავენ სსე-ში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ინფორმაციული და ოპერაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებს შეეხო.

"მსგავსი ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს IT მიმართულებით თანამედროვე მიდგომების დანერგვას და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პროექტების უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში განხორციელებას", - აღნიშნულია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები