მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო იზრუნებს, რომ [დონორებთან] ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს - თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე

"ვერცერთი კანონი და ვერც ვერაფერი ვერ გადაგვახვევინებს ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ბანკის მიერ დაფინანსებული, 90 მლნ ევროს ღირებულების პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი - საქართველოს“ - აღმასრულებელი დირექტორია, იმედოვნებს, რომ „რუსული კანონი“ სახელმწიფოსა და დონორებთან ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება.

- „რუსულ კანონზე“ მმართველი პარტია კი გვიმტკიცებს, რომ ერთი პატარა 6-გვერდიანი კანონია, მაგრამ ფაქტია, ამ კანონის მიღება ჩაითვალა საქართველოს საგარეო კურსის შეცვლად და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების შეჩერების რისკები გააჩინა. რამე კანონი ღირს ამად?

- ვერცერთი კანონი და ვერც ვერაფერი ვერ გადაგვახვევინებს ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური განაცხადი, ქართველი ხალხის ნება, მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ და მტკიცედ მჯერა, ამ ხაზს გავყვებით და გავხდებით ევროკავშირის წევრები. რაც შეეხება კანონს, იმდენი ითქვა, არ მგონია, რამეს დამატება შემეძლოს. ერთი რამ ვიცი, სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, კანონი მიღებულია და უნდა ვიზრუნოთ, ისე განხორციელდეს, რომ რაც იყო მთავარი მიზანი - გამჭვირვალობა - ამაზე გვქონდეს აქცენტი...

- იყო კი, „რუსული კანონის“ ნამდვილი მიზანი არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა?

- ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს კურსი უნდა დავიჭიროთ. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ასე სჯობს...

- თუ საქართველოს ევროპულ საგარეო კურსს არ დაუბრუნდა, როგორ შეიძლება შექმნილი ვითარება აისახოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ურთიერთობაზე... მოგეხსენებათ, განათლების სექტორშიც დიდია დონორების კონტრიბუცია და ამის კარგი მაგალითია თქვენი პროექტიც, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს....

- ვფიქრობ, სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს და ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. ჩემი აზრით, ეს ყველას ინტერესში შედის. რაც შეეხება განათლების სექტორს და დონორებთან ურთიერთობას, შეიძლება ამან იქონიოს გავლენა და შეიძლება არ იქონიოს. მთავარია, დავაკვირდეთ ტენდენციებს, რომელიც, ჯერჯერობით, არაფერს გვეუბნება. პროგრამები რაც იყო, მათ შორის მსხვილი დაფინანსებით, ჩვეულებრივ მიმდინარეობს; ასევე, აქტიურად განვიხილავთ, როგორ დავხვეწოთ მიმდინარე პროექტები, საუბარია მომავალ პროექტებზეც, ამიტომ მჯერა, ამ კურსს შევინარჩუნებთ. ის პარტნიორობა, რომელიც გაგვაჩნია განათლების სექტორში ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ არის გამოსაყენებელი. ამას ვემსახურები მეც, როგორც პროექტის -„ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი - საქართველოს“ ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები