გუდაურში მდებარე ტურისტული ობიექტის, "მთვრალი ალუბლის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მთის კურორტების პოტენციალის მხოლოდ 30%-ს იყენებს, რის გამოც ბიზნესები ზამთრის სეზონზე არიან დამოკიდებული, ნაცვლად ოთხივე სეზონისა. ამის შესახებ მირანდა ესაკიამ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო არის ტურიზმი და ტურიზმშიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი რაც გვაქვს სინამდვილეში, რაც შეიძლება გავყიდოთ, ეს არის ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა და მთის კურორტები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მთის კურორტებია და ამ მთის კურორტების შესაძლებლობის მხოლოდ 30%-ს იყენებს სახელმწიფო, არ უწყობს ხელს, რომ ის განვითარდეს ოთხი სეზონის განმავლობაში.
ჩვენ გუდაურში იმხელა პოტენციალი გვაქვს, რომ მთელი წელი ვიმუშაოთ და მთაც გავაცოცხლოთ და ეკონომიკაც, მაგრამ სამწუხაროდ, ხელის შეწყობის გამო, ვართ მხოლოდ ზამთრის სეზონზე დამოკიდებული", - ამბობს მირანდა ესაკია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "მთვრალი ალუბალი" წელიწადის ნებისმიერ დროს ფუნქციონირებს და გუდაურით დაინტერესება, ზამთრის პერიოდის გარდა, სხვა სეზონებზეც სულ უფრო მზარდია, ტურისტული ობიექტი 8 თვე მოგებაზე საერთოდ ვერ გადის.
"ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, ზამთრის სეზონის ოთხი თვის გარდა, დანარჩენი რვა თვე წაგებაზე ვმუშაობთ. ზაფხულში, ივლისი-აგვისტოში გავდივართ "ბრეიქ-ივენზე", მაგრამ შემოდგომა-გაზაფხულზე ჩვენ წაგებაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამას პრინციპულად ვაკეთებთ, იმიტომ რომ "მთვრალი ალუბალი" გუდაურის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია და ჩვენ არ გვინდა, რომ გუდაური მოკვდეს. "მთვრალი ალუბალი" რომ დავკეტოთ, იქ თუნდაც ერთი ტურისტი, მოლაშქრე, ჩამოსული ადამიანი ვერსად ვერ წავა, ვერაფერს ვერ გააკეთებს, თავშესაფარი არ ექნება.
იმასაც ვხვდებით, რომ, მთაში ამ მიწაზე ფულს რომ შოულობ, კეთილი უნდა ინებო და ზაფხულშიც იქ უნდა დახვდე სტუმარს. ეს არის ბიზნეს პასუხისმგებლობა, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ ქართულ ბიზნესს ძალიან აკლია. ჩვენ ამას ვიაზრებთ და სხვათა შორის, ყოველ წელს ნელ-ნელა იმატებს და იმატებს ჩვენი შემოსავლები დანარჩენ რვა თვეს. უფრო და უფრო ცოცხლდება გუდაური, იმიტომ რომ ჩვენ ასევე გავიზიარეთ ეს პასუხისმგებლობა და ზაფხულში, მაგალითად, გუდაურში ჩამოვიტანეთ მთის კარტინგი, რამაც ძალიან ბევრი სტუმარი მოგვიყვანა. ასევე მთაზე ძალიან გაყიდვადია პარაგლაიდინგი და ბევრი სხვადასხვა პროდუქტი, რომელსაც ვფიქრობთ, ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, არა მარტო სახელმწიფოს, არამედ თვითონ ბიზნესის მხრიდანაც", - ამბობს მირანდა ესაკია.




























