მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქონების ანონიმური პრივატიზაცია კითხვის ნიშნებს აჩენს - TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI
22.12.23 15:21
703

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გაუმჭვირვალე პრაქტიკასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ყოველკვირეულად მიღებული გადაწყვეტილებები ქონების იმ სახით რეალიზაციასთან დაკავშირებით, როდესაც საჯაროდ უცნობი რჩება ვინ არის მყიდველი და რა ქონებას (რა ფასად) გადასცემს მას სახელმწიფო, შესაძლო დარღვევებზე აჩენს კითხვებს. ამის მაგალითად TI საქართველოს მოჰყავს 19 დეკემბრის ორი გადაწყვეტილება პრივატიზაციასთან დაკავშირებით:

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი - ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”, მომხსენებელი - ლევან დავითაშვილი;

TI საქართველოს კითხვები აქვს დეკემბერში გაფორმებული სხვა საპრივატიზაციო შეთანხმებების შესახებაც:

შპს “სომგოს კომპანია”

4 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა შპს “სომგოს კომპანიას”, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია. ამ კომპანიას მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს პირდაპირი პრივატიზების გზით, სიმბოლურ ფასად გადასცა 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიღნაღში, სასტუმროს აშენების პირობით. სავარაუდოა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებას გულისხმობდა, რისი დეტალებიც უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ გასაჯაროვდა.

შპს “გლობალ ენტერპრაიზი”

4 დეკემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეტარებინა გარკვეული ღონისძიებები შპს “გლობალ ენტერპრაიზისის” საქმიანობის ხელშესაწყობად. 2018 წელს შპს “გლობალ ენტერპრაიზისმა” სახელმწიფოსგან 15,512 კვ.მ. მიწა და მასზე არსებული 5 შენობა მარილის საწარმოს აშენების პირობით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღო. ამასთან, კომპანია დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მიერ. გაურკვეველია ხელშეწყობის რა ღონისძიებების გატარებას აპირებს მთავრობა ამ კომპანიასთან მიმართებით.

შპს “ნიკორა”

4 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები ასევე შეუცვალა შპს “ნიკორას”. საუბარია კომპანიისთვის 2021 წლის 14 დეკემბერს გადაცემულ 8,925 კვ.მ. უძრავ ქონებაზე თბილისში, რომლის საპრივატიზაციო პირობები ასევე უცნობია, რადგან შესაბამისი განკარგულება არც მაშინ გამოქვეყნებულა.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი

19 დეკემბერს მთავრობამ საპრივატიზაციო პირობები შეუცვალა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს. 2009 წელს ლაშა პაპაშვილს აბასთუმანში 78,998 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, სასტუმროს აშენების პირობით. პირობის არშესრულების შემდეგ, მთავრობამ პაპაშვილის ხელშესაწყობად პრივატიზაციის პროექტში ცვლილებები სამჯერ შეიტანა: 2014, 2016 და 2018 წლებში. მთავრობის 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაც, შესაძლოა, საინვესტიციო ვალდებულებების მორიგ ჯერზე გადახედვას ეხებოდეს, თუმცა ამჯერად დეტალები უცნობია, რადგან მთავრობა შესაბამის დოკუმენტს არ ასაჯაროებს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები,"- წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები