"ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" დირექტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ასამაღლებლად მთავრობამ მათი ნაწილობრივი პრივატიზაცია უნდა მოახდინოს.
როგორც დავით მაისურაძემ BMG-ის განუცხადა, მიუხედავად მთავრობის მიერ ამ მიმართულებით დაწყებული რეფორმისა, სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და კორუფციის რისკებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა კვლავ არსებობს.
მისი თქმით, მთავრობამ შედარებით ნაკლებად მსხვილი საწარმოების აქციების ნაწილი საფონდო ბირჟაზე უნდა განათავსოს და ამ გზით მოხდეს მათი პრივატიზაცია.
“ხშირადაა საუბარი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის აუცილებლობაზე. თუმცა მთავრობას სხვადასხვა ფუნქციების და მიზნების განსახორციელებლად მსგავსი ტიპის კომპანიები სჭირდება. აქ გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ მათი ნაწილობრივი პრივატიზაცია მოხდეს. მაგალითად, თუკი ახლა საწარმოს 100% სახელმწიფოს მფლობელობაშია, მოხდეს კომპანიის აქციების ბირჟაზე გატანა და 10-15%-ის პრივატიზაცია. აქ არ იგულისხმება, რომ მაინცდამაინც კრიტიკული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციით დავიწყოთ. საცდელად შეიძლება შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი საწარმოების ნაწილობრივი პრივატიზაცია განხორციელდეს და შედეგებს დავაკვირდეთ. ეს თვითონ საწარმოებს დაეხმარება, გაზარდონ ეფექტურობა, საჯარო ანგარიშვალდებულების ხარისხი გაიზრდება და კორუფციის რისკებიც შემცირდება. თუკი ასეთი საწარმოების აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდება, ეს ზოგადად საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც დაეხმარება”, - განაცხადა დავით მაისურაძემ.
ცნობისთვის, 2023 წელს სახელმწიფო საწარმოების ჯამურმა ზარალმა 235 მილიონი ლარი შეადგინა.