მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობას ბანკებში ანგარიშების დახურვა მოუწევს

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

სახელმწიფო კომპანიების უმეტესობას კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა მოუწევს. ეს ვალდებულება მათ ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანების შედეგად დაუწესდათ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო სექტორში შემავალი სახელმწიფო კომპანიების ანგარიშები ხაზინაში უნდა გაერთიანდეს. თავდაპირველად, 2024 წლის განმავლობაში ეს ცვლილება არანაკლებ 5 კომპანიას უნდა შეეხოს.

საქმე ისაა, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო კომპანიების რეფორმა მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში ეს სექტორი ორ ნაწილად დაიყო, მათგან პირველს ეწოდება სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოები, ხოლო მეორეს სახელმწიფო კორპორაციები.

სახელმწიფო კორპორაციებს შორისაა რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და სხვები, რომელთაც დამოუკიდებელი კომერციული ორგანიზაციის სახით ოპერირება შეუძლიათ, ხოლო სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებს დამოუკიდებელი სახით კომერციულად ოპერირება არ შეუძლიათ და მუდმივად სუბსიდიაზე არიან დამოკიდებული. ასეთია მაგალითად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც რეგიონებში სასმელი წყლის სერვისის მიწოდებით არის დაკავებული, ასეთია ასევე მუნიციპალური კომპანიები, მაგალითად თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მგზავრობის საფასურის აკრეფის მიუხედავად ოპერირებისთვის მუდმივად არის დამოკიდებული მუნიციპალურ სუბსიდიაზე.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის, 2024 წლის ფისკალური რისკების ანალიზის ანგარიშის თანახმად, 325 საწარმოს მინიჭებული აქვს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოს სტატუსი, ხოლო 52 კომპანიას სახელმწიფო კორპორაციის სტატუსი. სწორედ ამ 325 საწარმოს საბანკო ანგარიშების ხაზინაში გადატანა და ძველი საბანკო ანგარიშების დახურვა მოუწევთ.

"სამთავრობო სექტორს მიკუთვნილი საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ხარისხის ამაღლებისა და დაფარვის არეალის გაზრდის მიზნით, 2024-2025 წლებში დაგეგმილია სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნილი სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე ეტაპობრივი გადასვლა.

საუბარია სახელმწიფო საწარმოებზე, რომლებიც მეტწილად დამოკიდებულები არიან საბიუჯეტო ტრანსფერებზე, მათ შორის, სუბსიდიებზე.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა ფარავს მსხვილ სახელმწიფო კორპორაციებს. ამასთან, აუცილებელია, გაუმჯობესდეს აღნიშნული რეფორმის მიღმა დარჩენილი საწარმოების ეფექტიანობა.

პირველ ეტაპზე, 2024 წელს, დაგეგმილია არანაკლებ 5 სახელმწიფო საწარმოს (საწარმოები შეირჩევა უახლოეს პერიოდში) გადასვლა ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაზე.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის №6 დადგენილების საფუძველზე, დამტკიცდა სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი.

დადგენილების მიხედვით სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების ფინანსური ოპერაციები, ასევე ოპერაციები უცხოური ვალუტითა და დეპოზიტებით, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიანი ანგარიშის გამოყენებით და დაუშვებელი იქნება აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.

სახელმწიფო საწარმოების სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, დაგეგმილია სახელმწიფო საწარმოებისთვის შესაბამისი ტრენინგ-სწავლების ჩატარება.

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის პროცესის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები