საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის დარგში მოქმედ საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხები მსხვილი ჰესების ასაშენებლად უნდა მიემართოს.
საქმე ისაა, რომ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად, მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში 370 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.
როგორც მაია მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ენერგეტიკის დარგში ინვესტორებთან ურთიერთობები გართულებულია, ამ მიმართულებით გამოთავისუფლებული თანხები სწორედ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე უნდა მიემართოს.
“[სახელმწიფო საწარმოებში] დაზოგილი თანხები მიზანმიმართულად უნდა მოემსახუროს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. დღეს ჩვენ ვართ უზარმაზარი გამოწვევის წინაშე, ეს იმპორტირებული ელექტროენერგიაა, რაზეც ქვეყნიდან უცხოური ვალუტა გადის. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გენერაციის ობიექტები გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, რეზერვუარიანი ჰესები აშენდეს.
ასეთი შესაძლებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ სამია - ნამახვენი, ხუდონი და ნენსკრა. ბუნებრივია, სასურველია, რომ ეს თანხა ინვესტორისგან იყოს მოზიდული. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად გამოწვევებია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ დაზოგილი თანხით ჰიდროელექტროსადგურები აშენდეს, რათა გენერაცია რაც შეიძლება სწრაფად გაგვეზარდოს”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.




























