მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო შეღავათების გარეშე, მაღაროები ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებდნენ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჭიათურის მაღაროები ფუნქციონირებას სახელმწიფო შეღავათების პირობებში ახერხებენ და რომ არა დოტაცია მაღაროები ვერ იმუშავებდა. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, ჭიათურის მაღაროელების ერთწლიანი პროტესტის შესახებ დასმულ კითხვას, თუმცა რა შეღავათებით სარგებლობენ მაღაროების მმართველი კომპანიები არ დაუკონკრეტებია.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „მინდა იმ პრობლემაზე გკითხოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სოციალურ ჯგუფს - მაღაროელებს ეხება. მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია, რაც ღირსეული შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში საწარმოო პროცესი შეაჩერა. დღემდე ვერ მოხერხდა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. 3 620 დასაქმებულიდან 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეპრესიული ქმედებებით - 2000 ადამიანი უმუშევრად დარჩა. ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ და მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას. დღეს მაღაროელები სახელმწიფოსგან პასუხებს ითხოვენ. ისინი ითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული კოლეგების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - ადამიანების, რომლებიც დასჯილნი არიან არა დანაშაულისთვის, არამედ უკეთესი შრომითი პირობებისთვის და ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის. ამ ვითარებაში რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო? გრძნობთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით? და თუ გრძნობთ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ კალიბრის პრობლემა ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდეს?“

ირაკლი კობახიძე უმუშევრად დარჩენილი 2000 მაღაროელის შესახებ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება.

„არამხოლოდ ზოგადად ზრუნავს, არამედ ძალიან მსხვილი ინვესტიციებიც იდება ამაში, ძირითადად, ეს არის გამოხატული ძალიან მასშტაბურ საგადასახადო და სხვა შეღავათებში.

რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები, საწარმოებს გაუჭირდებოდათ ფუნქციონირების გაგრძელება, ვერ შეძლებდნენ ფუნქციონირების გაგრძელებას, ანუ რეალურად, დოტაციურია ერთი და მეორე მაღარო და, საბოლოო ჯამში, სწორედ, სახელმწიფოს მხარდაჭერის ხარჯზე ხერხდება შესაბამისი სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე 6 დაკავებული მაღაროელის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ კრიმინალი დაუსჯელი ვერ დარჩება.

„რაც შეეხება კონკრეტულ 6 პიროვნებას, ეს არის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანები ძალადობენ, კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობ, არამარტო სამართალდამცველებზე, სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, როცა უხეშად, კრიმინალური ფორმებით ძალადობენ საკუთარ კოლეგებზე, იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას. ბუნებრივია, კრიმინალი ვერ დარჩება დაუსჯელი. როდესაც ადამიანები არამარტო სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ, მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალურ პროტესტს“ ასახელებდა. მაღაროელები კი აცხადებდნენ, რომ ხელფასების 60%-ის ანაზღაურება ხშირად გვიანდებოდა. 2025 წლის 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები განაახლეს, სადაც ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენდა კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა, მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია და ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდებოდა. ამის შემდეგ საპროტესტო აქციები როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან არაერთხელ გაიმართა. მალევე პროცესში პრფკავშირები ჩაერთვნენ და ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფმა შეთანხმება მოამზადა, რომლის მიხედვითაც კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა და რეორგანიზაციას დაიწყებდა. რეორგანიზაციის პროცესი კომპანიამ გაზაფხულზე დაიწყო. დღეს პროტესტის მონაწილე მაღაროელები აცხადებენ, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტი უმუშევრად დარჩა. მათგან 6 დაკავებულია. 25 ნოემბერს სამსახურის გარეშე დარჩენილმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მათ მოთხოვნებზე სახელმწიფოს რეაგირებას ითხოვდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები