2023 წელს, შესყიდვების სააგენტოს მიერ, სასამართლოს გადაეგზავნა 62 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 181 პირის მიმართ - ამის შესახებ სააგენტო 2023 წლის ანგარიშში წერს.
ანგარიშის თანახმად, სააგენტოს მონაწილეობით ჩატარდა 385 სასამართლო პროცესი. სააგენტოს მიერ
მომზადებული იქნა 29 კერძო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეზე, აქედან 4 კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, 15 კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 10 კერძო საჩივარი განხილვის ეტაპზეა.
"2023 წელს, შავ სიასთან დაკავშირებით გასაჩივრებული იქნა 89 განკარგულება (2022 წელს სააგენტოს მიერ შავი სიის წარმოებასთან დაკავშირებით გამოცემული იქნა სულ 390 განკარგულება), რომლებიც ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია.
ასევე, გასაჩივრებული იქნა 3 განკარგულება თეთრ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ, 2023 წელს გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება თეთრ სიასთან მიმართებით, რომლებზედაც სააგენტოს მიერ წარდგენილი იქნა კერძო საჩივრები", - წერს სააგენტო.
მათივე ინფორმაციით, 2023 წელს გასაჩივრდა 3 კონსოლიდირებული ტენდერი, რომელთაგან შუამდგომლობის საფუძველზე შეწყდა 1 კონსოლიდირებული საქმე, 2 საქმე კი, განხილვის ეტაპზეა. 2023 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1 საქმე, რაც გასაჩივრებული იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა, აღნიშნულიც გასაჩივრებული იქნა საკასაციო წესით, რომელიც განხილვის ეტაპზეა.
2023 წელსვე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1% გარანტიის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელთაგან 8 შემთხვევაში პრეტენდენტების მიერ სააგენტოს ანგარიშზე დაბრუნებული იქნა 1% გარანტია.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 10.5 მლრდ ლარი იყო.
ამასთან, შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 32,076 ღია ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2023 წელს, საბოლოო სტატუსი მიენიჭა 30,812 ტენდერს და აქედან 22,950-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა.