„უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, დაახლოებით, 10-ჯერ შემცირდება გაცვლითი პროგრამების რაოდენობა“, - ასეთი მოლოდინი აქვს ტექნოლოგიური ინჟინერს, პროფესორ ნანა დიხამინჯიას, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი უმაღლესი განათლების რეფორმის სავარაუდო შედეგებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
მისი შეფასებით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები სტუდენტებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობას უსპობს.
პროფესორი გულისხმობს სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვას, რაც პირდაპირ დააზარალებს სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობას, განსაკუთრებით გაცვლით პროგრამებს და შესაბამისად - სტუდენტებს.
„როგორც კი სახელმწიფო უნივერსიტეტებს აუკრძალავენ უცხოელი სტუდენტების მიღებას, სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დარჩება ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელების რესურსი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს... ამასთან, თუ ინგლისურენოვანი პროგრამა არ გაქვს, ევროპულ უნივერსიტეტს შენთან პარტნიორობა არ უნდა „ერაზმუსის“ გაცვლით პროგრამებში ანუ ეს „ერაზმუსის“ გაცვლით პროგრამებში საქართველოს უნივერსიტეტი რომ მოხვდეს, ევროპულმა უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს ჯერ ის პარტნიორად და შემდეგ შეიტანოს საგრანტო წინადადება „ერაზმუსის“ დაფინანსებაზე“, - ამბობს ნანა დიხამინჯია.
„ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის გამო, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების შემცირების რისკს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია ProActive Group Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აგირბაიაც, რომელიც სტუდენტებისთვის სხვადასხვა გაცვლით პროგრამას იზიდავს.
„რისკები, [რაზედაც ნანა დიხამინჯია საუბრობს], რეალურიაა. გაცვლით პროგრამას ორი მხარე სჭირდება და გრანტებიც შესაბამისად, გაიცემა. კერძოდ, როდესაც საქართველოში ჩამოდის უცხოელი სტუდენტი - ადგილობრივი უნივერსიტეტების პერსონალი სარგებლობს ანუ „ერაზმუსის“ გრანტს იღებს სტუდენტი თუ პროფესორი და როცა იქით მიდიან ჩვენი სტუდენტები - შესაბამისად, მასპინძელი უნივერსიტეტი იღებს გრანტს და ა.შ. ამდენად, ამ კუთხით თუ მივუდგებით, სავარაუდოდ, გაცვლითი პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობა შემცირდება“, - ხსნის BMG-თან გიორგი აგირბაია.
გარდა ამისა, ProActive Group Georgia-ს დამფუძნებელს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გაცვლით პროგრამებთან მიმართებით გამონაკლისიც რომ დაუშვას, ნაკლებად სავარაუდოა, უცხოელ სტუდენტებს საქართველოში სწავლა მოუნდეთ.
„მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, მეეჭვება, ვინმეს მოუნდეს აქ ჩამოსვლა“, - განაცხადა აგირბაიამ და იქვე დასძინა, რომ სტუდენტების მობილობის პროგრამები, დიდი ალბათობით, 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება, ვიდრე „ერაზმუსი“ დასრულდება.




























