საქართველოს მასშტაბით, პროგრამის "დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2 000 ჰექტრამდე ფართობზე დაფინანსდა დაფნის ბაღების გაშენება, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ლიდერია, სადაც დაფნის ბაღების გაშენება 1,200 ჰექტრამდე ფართობზეა დაფინანსებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 9,4 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროსესხების ღირებულება 6,1 მლნ ლარზე მეტია. სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ წარმოების და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, მზარდია დაფნის ფოთლის ექსპორტი. 2024 წელს ექსპორტის ღირებულებამ 34.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 94%-ით აღემატება. მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია.
სოფლის მეურნეობის უწყების ცნობით, დაფნის გადამმუშავებელმა საწარმო „ლაურუსმა", რომელმაც საქმიანობის განვითარების ეტაპზე არაერთხელ ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტით”, ჩინეთის ბაზარზე ქართული დაფნის მიმართ გაზრდილი ინტერესის შედეგად საწარმომ მშრალი დაფნის წარმოება 200-დან 300 ტონამდე გაზარდა.