მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ ამ კანონის გარეშე NGO-ებისგან ანგარიშგებები რომ მოითხოვოს, პრობლემა არ იქნება - FAS Group

FAS Group

კომპანია „სრული ბუღალტრული მომსახურების“ (FAS Group) მმართველი პარტნიორი ნათია სხვიტარიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებს ანგარიშგებების წარდგენას არ სთხოვენ, მაშინ როდესაც ამის შესაძლებლობა აქვთ. ამის შესახებ ფინანსური ინსტიტუტის მმართველმა პარტნიორმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, დონორები არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისას, მათ დეტალური ფინანსურ ანგარიშგებებს სთხოვენ, რომლის მონიტორინგი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთხელ ხდება. ამგვარად, გრანტის მიმღებებს ყოველთვის აქვთ დოკუმენტაცია ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, რომლის წარდგენაც, მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის შეუძლიათ.

„არც ერთი დონორი ორგანიზაციაზე არ გასცემს გრანტს გარკვეული პუნქტების დაკმაყოფილების გარეშე. გრანტის მიმღებს აქვს ვალდებულება, წარადგინოს ინფორმაცია როგორც დოკუმენტურად, ისე რეპორტების თვალსაზრისით და ამას მხოლოდ ფურცელზე კი არ აჩვენებენ, სად, რაში დახარჯეს, არამედ ეს ხდება პლატფორმების დონეზე. გრანტების მიღებასაც თავისი წესები აქვთ - მაგალითად, როდის შეგიძლია შენით ადამიანი დაიქირაო და როდის გამოაცხადო ტენდერი, რა დროსაც დონორს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს იმის გადამოწმება, ამ ტენდერში ვინ მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ როდესაც ეს თანხა მიიღეთ და გახარჯეთ, აქ ადგილზე უნდა მოხდეს აუდირება, რომლის დასკვნის შემდეგ საერთაშორისო პლატფორმაზე უნდა დამოწმდეს ყველაფერი. ამასთან, დონორს საკუთარი აუდიტის ჩატარებაც შეუძლია, რომელიც საკმაოდ დეტალურია - რა თანხა, რატომ და როგორ გადაუხადეთ და ა.შ.

ამის საპირწონედ ჩვენთან რა ხდება - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ერთხელ გაკეთებული რეპორტი მეორე ინსტანციას აჩვენო, ვინც მოსთხოვს“, - აცხადებს ნათია სხვიტარიძე.

FAS Group-ის მმართველი პარტნიორი კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფოს მიმართ ფინანსურ ანგარიშვალდებულებებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონითა და მასში გაწერილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის გარეშეც აქვს სახელმწიფოს ამ ინფორმაციაზე წვდომის მიღების უფლება.

„საქართველოში კომერციულ ორგანიზაციებს ანგარიშვალდებულების საკმაოდ დიდი წნეხი აქვთ დაწყებული ყოველთვიური დეკლარირებიდან, წლიური ანგარიშგებებით და სხვა მოთხოვნებით დასრულებული. მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა სავალდებულო არ არის. რიგ შემთხვევებში ასეთი გრანტები საშეღავათო რეჟიმებით სარგებლობს, მაგალითად გათავისუფლებულია დღგ-სგან. ამ დროს სახელმწიფო არასამთავრობოებს მხოლოდ იმას სთხოვს, რომ დასაქმებულთა ინფორმაცია ჰქონდეს რეესტრში შეყვანილი და საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს. როგორ და რატომ შემოვიდა ეს თანხა ამაზე დამატებით ინფორმაციას არავინ ითხოვს. რომელ გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, როდესაც უბრალოდ მოთხოვნა არ ხდება ინფორმაციის.

ჩვენ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ ეს ანგარიშგებები თავისით აქვთ გამოქვეყნებული.

სახელმწიფომ წლიური ანგარიშგებები რომ მოითხოვოს ამ კანონის გარეშე არანაირი პრობლემა არ იქნება“, - განმარტავს ნათია სხვიტარიძე.

ის მიიჩნევს, რომ ამ კანონის ამოქმედებით საქართველოში მოისპობა ის სიკეთეები, რომლითაც ეკონომიკის სხვადასხვა დარგი დონორებისგან მიღებული დაფინანსებით იქმნება.

„ჩვენ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან გვქონია შეხება და ვერ დავასახელებ სფეროს, კულტურა იქნება თუ განათლება, მაგალითად უნივერსიტეტებს, რომ დონორების გარეშე განეხორციელებინოთ პროგრამები და ჩვენ ამ კანონით ამ სიკეთეების და ნორმალურ გზაზე ორიენტირების მოსპობას ვცდილობთ“, - აღნიშნა ფინანსური ორგანიზაციის მმართველმა პარტნიორმა და დასძინა, რომ დღეისთვის ყველა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდისა და SARAS-ის საშუალებით გაციფრულებულია და „სახელმწიფომ უბრალოდ უნდა მოითხოვოს და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია მათ ამ ინფორმაციას მიაწვდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები