მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს" ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა

ჯანდაცვის სამინისტრო

სახელმწიფომ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობამ 8 აპრილის მთავრობის სხდომაზე იმსჯელა, ხოლო პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 10 აპრილს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკრებულოების გარე სავარგულებში, ოზურგეთში მდებარე 19 000 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა, სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა.

საპრივატიზებო თანხა ჰოლდინგმა, რომელიც არასამეწარმეო იურიდიული პირია და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ცნობისთვის, სახელმწიფომ ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2020 წელს სახელმწიფო კლინიკების მართვის მიზნით დააფუძნა და მართვაში რამდენიმე კლინიკა გადასცა. ჰოლდინგის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში კლინიკების მართვა ხელს უწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას. ეს დაწესებულებებია:

  1. შპს „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;
  2. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  3. შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“;
  4. სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“;
  5. სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“;
  6. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“;
  7. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი.
  8. შპს “ქ. ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო”.

BMG ჯანდაცვის სამინისტროსთან არკვევს, რა მიზნით გამოიყენებს ქონებას ოზურგეთში საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები