შპს “ვიზა ეს-ლაინს” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი გადაეცა.
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლის თანახმად, შპს “ვიზა ეს-ლაინს” პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა 10 000 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 100 ათას ლარად.
განკარგულების თანახმად, კომპანიამ 170 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში ადგილზე მინიმუმ 170 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.
რეესტრის თანახმად, კომპანია 2019 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ისევე როგორც დირექტორი, დათო გაბაიძეა.
განკარგულების თანახმად, საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა შემდეგი:
- საპრივატიზებო თანხის 100 ათასი ლარის გადახდა უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში.
- შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არანაკლებ 170 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შენობა-ნაგებობების.
- უნდა განახორციელოს 170 ათასი ლარის ინვესტიცია.
- კომპანია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებამდე განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის გამოუხმობი საბანკო გარანტია წარადგინოს.
- ქონების მართვის სააგენტომ, განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა განახორციელოს.