სახელმწიფოს მოლოდინების მართვა ძალიან ძვირი დაუჯდა - ასე აფასებს „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დოლარზე მოთხოვნის ზრდა არა ფუნდამენტურ ფაქტორებს, არამედ ბაზრის მონაწილეების მოლოდინებს უკავშირდებოდა.
კითხვაზე, რამდენად მართებული იყო სებ-ის მხრიდან მსხვილი მოცულობის რეზერვების ხარჯვა, ქუმსიშვილი პასუხობს, რომ ქვეყანას ამით არაფერი წაუგია, რადგან “დამატებითი დესტაბილიზაცია ეკონომიკას არ სჭირდება”.
“როგორც მომხმარებლებს, ამით არაფერი დაგვიკარგავს. ის, რაც ამ პერიოდში ხდებოდა, მოლოდინების მართვა იყო. აქ არ იყო ფუნდამენტური მიზეზები იმისთვის, რომ მოთხოვნა იყო დოლარზე. იმიტომ, რომ მაგალითად, ჩვენი იმპორტი გაიზარდა, ან ჩვენი ვალები იყო გადასახდელი. ეს არის მოლოდინები, როდესაც ადამიანებმა, რომლებსაც აქამდე ლარი ჰქონდათ, თქვეს, რომ ჩვენ ახლა გვეშინია ჩვენი თანხის ლარში შენახვა და გვინდა, რომ სხვა ვალუტაში გადავიდეთ და ასეც გააკეთეს. თუმცა ეს ვალუტა აუცილებლად უნდა დაიხარჯოს, რადგან ამ ადამიანებს ეს ვალუტა იმიტომ ჰქონდათ, რომ ან დაეხარჯათ ან დანაზოგი დეპოზიტზე დაედოთ. დეპოზიტზე ლარში მეტია სარგებელი, შესაბამისად, ადამიანები უკან აუცილებლად დაკონვერტირდებიან. თუ ამასობაში, რაიმე ცუდმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა არ მოუსწრო და იმედია, ასე არ იქნება.
როგორც მომხმარებელს და ქვეყანას ამით არაფერი წაუგია, იმიტომ რომ რეალურად, დამატებითი დესტაბილიზაცია ეკონომიკას, ბანკებს, მსესხებლებს, არავის არ სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ამ მოლოდინების მართვა ძალიან ძვირი დაუჯდა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი მოლოდინები საერთოდ არ ყოფილიყო და ლარიზაციის ის პროცესი, რაც ჩვენთან მიმდინარეობს გაგრძელებულიყო”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც სებ-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა.