გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობაზე მთავრობის მიერ მიღებულ განკარგულებას დადებითად აფასებს. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ასეთი პოლიგონი აქამდეც უნდა გაკეთებულიყო.
საქმე ისაა, რომ მთავრობამ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე განკარგულება გამოსცა. დოკუმენტით ნაგავსაყრელის მოსაწყობად ღონისძიებების შემუშავება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, ხოლო აღსრულება შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას. სად განთავსდება ნაგავსაყრელი ჯერჯერობით უცნობია. როგორც BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ლოკაცია შესაბამისი კვლევების საფუძველზე განისაზღვრება.
ნინო ჩხობაძე აღნიშნავს იმასაც, რომ საჭიროა შესაბამისი ნარჩენების სწორი აღრიცხვა.
"საკმაოდ საინტერესო და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ამ ეტაპზე. ვთვლი, რომ ჩვენ ქიმიური ნარჩენების პოლიგონი დიდი ხანია უნდა გვქონოდა, იმიტომ რომ არაერთ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში, მათ შორის სამოქმედო გეგმაში, რომელიც არის დამტკიცებული მთავრობის მიერ, გვიწერია, რომ ქიმიური ნარჩენების განთავსების პოლიგონი უნდა მოწყობილიყო. თავიდან ბოლომდე მისაღები გადაწყვეტილებაა, თუმცა არის ერთი პრობლემა, რომელსაც მე გავუსვამდი ხაზს, რომ სწორი აღრიცხვა სახიფათო ნარჩენისა, რომელიც ჩვენთან არის, მოითხოვს უფრო მეტ კვალიფიციურ შეფასებას. არის გარკვეული მონაკვეთები სხვადასხვა ნარჩენის შეფასებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მე რამდენადაც ვხვდები და ნუ ალბათ პარალელურად დაიწყება მოკვლევები, რა რაოდენობის ნარჩენზე არის ლაპარაკი ზოგადად", - ამბობს ნინო ჩხობაძე.
მან ასევე განმარტა, თუ რა კატეგორიის ნარჩენზეა საუბარი. ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, სახიფათო ნარჩენების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და აქ მათ შორის შედის საწარმოდან და დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები.
"საერთო ჯამში საქართველოში ბევრი ქიმიური ნარჩენია დაფიქსირებული და რა არის ეს: სახიფათო ნარჩენების რიგს განეკუთვნება აზბესტი. აზბესტის სახურავები არის ძალიან გავრცელებული. იყო გადაწყვეტილება ამ მიმართულებით მიღებული, რომ არსებულ პოლიგონებზე უნდა განთავსებულიყო აზბესტის ნარჩენები. არის ანაფხეკები, მაგალითად მშენებლობის დროს ძველი კორპუსების ძველი საღებავები. აგრეთვე არის მოპოვებული ინფორმაცია ძველ სკოლებში, სადაც ინახებოდა ქიმიური ნივთიერებები, რომელიც აგრეთვე ექვემდებარება უტილიზაციას და გატანას. ქიმიური ნარჩენი წარმოიშობა ნებისმიერი საწარმოდან გამომდინარე, სახიფათო ნარჩენი მათ შორის. ცალკე არის გამოყოფილი სამედიცინო ნარჩენი, ეს სახიფათოს რიგს განეკუთვნება, მაგრამ სამედიცინო ნარჩენი მეტ-ნაკლებად მოვლილია საქართველოში, იმიტომ რომ არსებობს კომპანიები, რომლებიც ამას აგროვებენ და უტილიზაციაზე უშვებენ, ანუ ხდება განადგურება. ჩვენ შემოგვრჩა აგრეთვე ვადაგასული შხამქიმიკატები. ეს არის საკმაოდ დიდი ჩამონათვალი.
ზოგადად, ერთი ნაგავსაყრელი არ არის საკმარისი. სახიფათო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობა იყო გათვალისწინებული კიდევ 30 წლის წინ, ის უნდა განთავსებულიყო დედოფლისწყაროში, თუმცა მერე შეიცვალა, იმიტომ რომ რუსთავის ახლოს, იაღლუჯზე იყო პოლიგონი სამხედრო ტიპის ნარჩენების. ერთი აღმოსავლეთ საქართველოსთვის საკმარისია, წესით და რიგით ეყოფა. და მეორე ალბათ დასავლეთ საქართველოში უნდა გაკეთდეს. ამ ეტაპზე რამდენადაც მე ვხვდები, არის მარტო ერთზე საუბარი, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა", - ამბობს ნინო ჩხობაძე.
რას წარმოადგენს სახიფათო ნარჩენები, რომელზეც საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა




























