მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკმარისი დრო გვაქვს ომის გამო გადმომისამართებული ტვირთები შევინარჩუნოთ - “ექსპედიტორთა ასოციაცია"

64a950e8d6f9f
ლიკა გურაბანიძე
09.07.23 23:20
683
"საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის" პრეზიდენტი ალექსანდრე დავითიძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, გაზრდილი ტვირთნაკადი შუა დერეფანში რიგი ქვეყნებისთვის მათ შორის საქართველოსთვის, როგორც შესაძლებლობა ასევე გამოწვევა აღმოჩნდა. მისი განმარტებით, ეს გამოწვევაა იმ მიმართულებით, რომ საპორტო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, რათა ჩრდილო დერეფნიდან გადმომისამართებულ ტვირთებს გაუძლონ. დავითიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ ეს ტვირთები უნდა შეინარჩუნოს, რისთვისაც რიგი ღონისძიებებია გასატარებელი.

“აუცილებელია, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორის ჩართულობა, რათა ეს შევინარჩუნოთ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ტვირთის გატარება შევძლოთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად აუცილებელია საწარმოო პროცესების დახვეწა, ფორმალობების გამარტივება და მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობა განხორციელდეს. ტვირთის გამტარუნარიანობა საშუალოდ 2021 წელთან შედარებით 2022 წელს 20%-ით გაიზარდა.

საკმარისი დრო და შესაძლებლობა გვაქვს, რომ ტვირთების მიღების დროს როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ხარისხი გავაუმჯობესოთ და ომის დასრულების შემდეგ გარკვეული ტვირთი, რომელიც საქართველოს მიმართულებით გადმომისამართდება, ამ მარშრუტზე შევინარჩუნოთ და დამატებითი მომსახურება გავუწიოთ.” - განმარტა დავითიძემ.

მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს როლი და სატრანზიტო ფუნქცია იზრდება. 2022 წელს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავეული ტვირთების რაოდენობამ 12,4 მილიონი ტონა შეადგინა, კონტეინერებისამ კი 477,094 ერთეული რაც 2021 წელთან შედარებით 18,9%- ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები