ყირგიზეთი, ჩინეთი და უზბეკეთი უახლოეს მომავალში ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყებას გეგმავენ. შინაარსობრივად, ეს ტრანსკონტინენტური სარკინიგზო-სატრანზიტო დერეფანი იქნება. ამის შესახებ ბაქოში მიმდინარე COP29-ის ფარგლებში ყირგიზეთის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილემ, ბეკჟან რისმენდიევმა BMG-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი ძალიან მასშტაბურია, ხოლო ინვესტიცია დიდია და დაახლოებით 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც ყირგიზმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ამ პროექტის დამსახურებით "შუა დერეფანში" ტვირთის გატარება გახდება შესაძლებელი, რაც წლიური ტვირთბრუნვის 7-დან 10 მილიონ ტონამდე გაზრდის საშუალებას მოგვცემს.
“საბოლოო ჯამში, ეს დიდი შესაძლებლობაა შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად. ჩინეთსა და ყირგიზეთს შორის საავტომობილო გადასასვლელის მშენებლობა ყირგიზეთმა უკვე დაიწყო. დღეს, ორი საბაჟო გადასასვლელი უკვე არსებობს, რომლებიც ირკეშტამთან და ტორუგარტთან მდებარეობს. ყირგიზეთი-ჩინეთის საზღვარზე მესამე საბაჟო-გამშვები პუნქტიც მოვაწყვეთ, სახელწოდებით “ბედელი”. ეს გადასასვლელი ბიშკეკსა და ჩინურ ქალაქებს შორის მანძილს 170 კილომეტრით შეამცირებს და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის პოტენციალს გაზრდის. მომავალში ამ საბაჟო-გამშვები პუნქტის დღიურ გამტარუნარიანობის 1,000 ავტომობილამდე გაზრდას ვგეგმავთ. მშრალი პორტების მშენებლობას რაც შეეხება, ბიშკეკში და ოშეში მშრალი საკონტეინერო პორტები უკვე არსებობს — საუბარია “ლამედინას” და “ოში-1-ის” სარკინიგზო სადგურებზე. ყირგიზეთი ამ პროექტების გაფართოებას და მოდერნიზაციას გეგმავს, რათა ისინი დარჩეს არა საკონტეინერო ტერმინალებად, არამედ გადაკეთდეს მშრალ პორტად. ახლა პროექტების ტექნიკურ დასაბუთებაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, განხორციელებას დავიწყებთ", - განაცხადა ყირგიზმა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, აუცილებლად გვჭირდება საერთაშორისო დერეფნების განვითარება და მათში მონაწილეობა. როგორც მან აღნიშნა, ყირგიზეთი დღეს, აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის განვითარებაზე მუშაობს.
"ეს პროექტი ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობას გულისხმობს. ამასთან, ყურადღებით ვაკვირდებით ჩრდილოეთი-სამხრეთის პროექტს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით გადის. დღეს, აზერბაიჯანი არის ხიდი არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ ევროპის მიმართულებით და თან, ორი დიდი სატრანსპორტო მარშრუტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის გადაკვეთის წერტილს წარმოადგენს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და მთლიანად რეგიონთან თანამშრომლობა ძალიან გვაინტერესებს. ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის პროექტის დაგეგმვის დროს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოცდილება გავითვალისწინეთ. ამ პროექტებს ყურადღებით ვაკვირდებით და აქტიურად ჩავერთვებით”, - განაცხადა ყირგიზეთის ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილემ.