მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაფართოებთ კავშირებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ამის ფარგლებში ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ვითარდება - ამის შესახებ მან ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შუა დერეფნის როლის ზრდა აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე დადებითად აისახება. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან კავშირები ფართოვდება.

„რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია „შუა დერეფანი“, მეზობელ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში და მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უკვე გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რაც არის მშვიდობის ხელშეწყობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა.

„შუა დერეფნის“ როლის ზრდაზე დადებითად აისახება თანამშრომლობა აზიის რეგიონთან, როგორც მოგეხსენებათ, ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ჩინეთთან, შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ შეთანხმების საფუძველზე წელს უკვე გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც მათ შორის აისახა ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივად, უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდაზე. სხვა მიმართულებებითაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ინდოეთთან ღრმავდება ურთიერთობები, საელჩო გახსნა ინდოეთმა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. გრძელდება ურთიერთობები იაპონიასთან. კორეამ საქართველოში საელჩო გახსნა და დაასრულა მოლაპარაკებები "ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე". ესეც მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვაფართოებთ ჩვენს კავშირებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები