თბილისში, აბაშიძეზე მდებარე საკონდიტრო „განჯინა“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს და სენვდვიჩებისა და კრუასანების ხაზს ამატებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა სოფო ჩიქოვანმა BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, ამისთვის ბრენდმა მეორე სართულზე ახალი სამზარეულო მოაწყო, სადაც მარილიანი პროდუქტების წარმოება დაიწყება.
"მარილიანი ხაზის დამატება დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. სენდვიჩებიც იქნება განსხვავებული - როგორც გემოთი, ისე ვიზუალით. კრუასანების წარმოება საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გამოვა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
სოფო ჩიქოვანმა ეთერში ასევე საკონდიტრო ბიზნესის სირთულეებზე და პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებაზე ისაუბრა. „ძალიან რთულია სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან საქართველოში პროდუქტი არასტაბილურია – ხშირად გვიწევს რეცეპტების შეცვლა, რომ ხარისხი არ დავკარგოთ. ეს სფერო ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ მომხმარებლის სიყვარული და ნდობა გვაძლევს ძალას, რომ მუდმივად განვვითარდეთ“, - თქვა მან.
„განჯინას“ გარდა, ჩიქოვანმა ახლახან სახაჭაპურე „ტაფა“ გახსნა, რომელიც უკვე წარმატებით ოპერირებს.
"ტაფა", დაახლოებით, თვე-ნახევარია, რაც გაიხსნა და საწყის ეტაპზე, იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე "განჯინა" მუშაობდა. ესეც გულით შექმნილი ბრენდია და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება“, - ამბობს მეწარმე.
მისივე თქმით, კონკურენციის ზრდის მიუხედავად, „განჯინა“ ბაზარზე განსხვავებულ სტილს ინარჩუნებს - ბრენდი არ მიჰყვება კლასიკურ ხაზებს და ქმნის უნიკალურ დესერტებს, რომლებიც მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული.
„საქართველოში საკონდიტრო სფერო ძალიან პოპულარულია, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ბრენდი ვართ – არ გვაქვს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მიმართულება. ვაკვირდებით ჩვენს მომხმარებელს და ახალ დესერტებს სწორედ მათი გემოვნებით ვქმნით”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
„განჯინა“ უახლოეს მომავალში გეგმავს გაფართოებასა და ახალი სტენდების გახსნას სავაჭრო ცენტრებში, ხოლო მომდევნო ეტაპზე რეგიონებში გასვლას.
„გაფართოება იგეგმება, მაგრამ წელს - არა, რადგან ჯერ ახალი სამზარეულო და მეორე ობიექტი უნდა დავამკვიდროთ ბაზარზე. შემდეგ ეტაპზე, შესაძლოა, ქუთაისში ან ბათუმში “განჯინას” ფილიალი გავხსნათ,“ – ამბობს სოფო ჩიქოვანი.




























